"შვილმა დარეკა პოლიციაში, არ მინდა გათხოვება და მამა მაიძულებსო" - რას ყვებიან ქვემო ქართლის მაცხოვრებლები

30.08.24 17:20
"შვილმა დარეკა პოლიციაში, არ მინდა გათხოვება და მამა მაიძულებსო" - რას ყვებიან ქვემო ქართლის მაცხოვრებლები

ქვემო ქართლში იძულებითი ქორწინების ფაქტზე "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი - ადგილობრივები "ტვ პირველის" კორესპონდენტს უყვებიან, რომ კაცი, რომელიც საკუთარ 17 წლის შვილს მასზე გაცილებით უფროსს კაცზე აიძულებდა დაქორწინებას, გუშინ დააკავეს.

როგორც ქვემო ქართლის მაცხოვრებლები ამბობენ, პოლიციამ ხელბორკილები მის მეუღლესაც დაადო, თუმცა მოზარდის დედა დაკითხვის შემდეგ განყოფილებიდან გამოუშვეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, 17 წლის გოგო მამის მხრიდან ნათესავზე ორი წლის წინ დანიშნეს და ქორწილის ჩატარების თარიღად 25 ოქტომბერი დაასახელს. თუმცა, ბრალდებულის მეზობლების თქმით, მოზარდს დაქორწინება არ სურდა, რის გამოც პოლიციაში თავად დარეკა და მშობლებს უჩივლა. 

გუშინ წაიყვანა პოლიციამ, მისი ცოლიც დაკავებული იყო და მოგვიანებით გამოუშვეს. შვილმა უჩივლა პოლიციაში იმიტომ, რომ გათხოვება არ უნდოდა იმ ბიჭზე, ვისზეც დანიშნული იყოს. ეს ბიჭი მამის მხრიდან არის ნათესავი. გოგო 17 წლის არის და არ უნდოდა დაქორწინება. შვილმა დარეკა პოლიციაში, არ მინდა გათხოვება და მამა მაიძულებსო. ორი წელი იყო დანიშნული და ქორწილი ახლა უნდა ყოფილიყო", - ამბობს ადგილობრივი.

ბრალდებულის უფლებადამცველი კი ამტკიცებს, რომ კაცი ცრუ ჩვენების საფუძველზეა დაკავებული და მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არასრულწლოვანს ქორწინებას არ აიძულებდა. 

ნიშნობა არ არის აკრძალული. იყო ნიშნობა, მერე სხვა შეუყვარდა და დაარღვია. მამა ჩამოვიდა, რომ დაებრუნებინა. მოწმეები დაიკითხება და სასამართლოზე ყველაფერი დადგინდება", - ამბობს გურამ სიჭინავა. 

ცნობისთვის, არასრულწლოვანი, რომელსაც საკუთარი მშობლები დაქორწინებას აიძულებდნენ, სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა ოჯახს განარიდეს და მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო სახლიდან დღეს წაიყვანეს.