"აპარტამენტების კანონის" მოწინააღმდეგე აფხაზ ე.წ დეპუტატებს, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ

30.08.24 19:29
"აპარტამენტების კანონის" მოწინააღმდეგე აფხაზ ე.წ დეპუტატებს, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ

აფხაზური ოპოზიციური ტელეგრამ არხები RESPUBLICA და აფხაზური პორტალი წერენ, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერ, ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრაზე, ე.წ აპარტამენტების შესახებ კანონპროექტის  მოწინააღმდეგე აფხაზ ე.წ დეპუტატებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი განიხილა. საუბარია, დოკუმენტზე, რომელიც აფხაზეთის აღმოსავლეთ რეგიონებში ბინების მშენებლობას ითვალისწინებდა და საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე ე.წ პარლამენტიდან ერთი თვის წინ გაიწვიეს.

ამის შესახებ "ეხო კავკაზა" წერს. 

გარდა ამისა, ბჟანიასა და ნოვაკის შეხვედრის გამოქვეყნებული ოქმის მიხედვით, რომლის ნამდვილობა ჯერ არ დადასტურებულა, მოსკოვი გეგმავს შეაჩეროს რუსეთის ფინანსური დახმარების გადაცემა აფხაზეთისთვის 2024 წლის 1 სექტემბრიდან, სანამ აფხაზური მხარე არ შეასრულებს შემდეგ  ვალდებულებებს:

ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება;

რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა;

რუს ინვესტორებზე შეზღუდვების მოხსნა კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე (ბინები).

დოკუმენტის იმ ნაწილში, რომელიც ეხება აფხაზ ე.წ დეპუტატებს მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევას, ნათქვამია:

გაითვალისწინეთ აფხაზური მხარის (ა.გ. ბჟანია) ვალდებულება, რომ რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით, 2024 წლის 20 სექტემბრამდე მიწოდებული იქნას ინფორმაცია რუსეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებისა და აფხაზური ოპოზიციის ლიდერების შესახებ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და რუსეთ-აფხაზური ურთიერთობების განვითარების საზიანოდ მოქმედებენ."

გარდა ამისა, მოსკოვი გეგმავს მოუწოდოს სახელმწიფო სათათბიროს და ფედერაციის საბჭოს, მინიმუმამდე დაიყვანონ კონტაქტები აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატებთან "რუსეთის წინაშე ვალდებულებების შესრულებაზე მათი არაკონსტრუქციული პოზიციის გამო".

მანამდე სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სამ დეპუტატს, რომლებიც საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის შეცვლას ემხრობოდნენ, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ.

ალექსანდრე ნოვაკთან შეხვედრის შესახებ ბჟანიას პრესსამსახურმა ინფორმაცია 23 აგვისტოს გაავრცელა. პრესრელიზში ნათქვამია, რომ მხარეებმა განიხილეს "აფხაზეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო ურთიერთქმედების, ენერგომომარაგების არაერთი საკითხი
",- წერს გამოცემა.