რომი - ქუთაისის ავიარეისზე საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
რომი - ქუთაისის რეისზე საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა, რის გამოც ავიაკომპანია "ვიზეიარი" ავარიულად ბულგარეთში დაეშვა. რა გახდა მგზავრის გარდაცვალების მიზეზი, ამას ახლა გამოძიება ადგენს. მოქალაქეები, კი რომლებიც იტალიიდან სამშობლოში ბრუნდებოდნენ, ხუთ საათზე მეტი ვარნაში იყვნენ გაჩერებული და გამოფრენას ელოდნენ. მგზავრები მცირეწლოვანი ბავშვებით დახმარებას სოციალური ქსელით ითხოვდნენ, რადგან კომპანია მათ არ ეუბნებოდა, როდის შესრულდებოდა გადადებული ფრენა ქუთაისის მიმართულებით.
რომი-ქუთაისის მგზავრები ბულგარეთის აეროპორტშ გაჩერებულები, სამწუხაროდ, ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა მგზავრობის დროს, სასწრაფოდ დავჯექით ბულგარეთის აეროპორტში, გამოფრენამდე დაიგვიანა 2 საათნახევარი თვითმფრინავმა, გაფრენის მერე მოხდა ეს სამწუხარო მდგომარეობა. ახლა არავინ გვყავს პატრონი, არავინ გვცემს პასუხს, როდის გამოვფრინდებით საქართველოში, - ეუბნება „პირველებს“ მგზავრი.
ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, რომ თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემა ჰქონდა და ეს ეკიპაჟმა მგზავრებს ფრენის დროს გამოუცხადა, რასაც ბორტზე ვნებათღელვა მოყვა.
Wizz Air თქვენზე უნამუსო კომპანია თუ არსებობს საერთოდ?
რომიდან ქუთაისისკენ მომავალი თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა ბულგარეთში,ვარნაში, სამწუხაროდ ბორტზე მგზავრი ,რომელიც ცუდად იყო გარდაიცვალა, უბედური შემთხვევაა მესმის, მაგრამ 5 საათია სადღაც შემოგვყარეს, სკამებიც არაა საკმარისი, ბავშვები იატაკზე წვანან, ზოგი სიცხიანია, ვერც გაფრენის დროს გვეუბნებიან, არც ჩვენ გვიშვებენ სადმე, ასე როდემდე ვიქნებით კაციშვილმა არ იცის? მანამდე რომში ჩამოფრენა 3 საათით დააგვიანა, მერე ბორტზე გამოგვიცხადეს ტექნიკური პრობლემა ჰქონდა ამ თვითმფრინავს და შევაკეთეთო, ფრენის დროს ჰაერში ეს როგორ უნდა გამოუცხადო მგზავრებს? მოკლედ 12 საათია გზაში ვართ და კიდევ ვინ იცის რამდენ ხანს ვიქნებით დახურეთ ეგ კომპანია რა საერთოდ (ფოტოებს შეგნებულად არ ვდებ), - დაწერა ბაჩო გურაბანიძემ სოციალურ ქსელში.
"ვიზეარის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეკლა ვეკუა კი "პირველებს" ეუბნება, რომ ავარიულად დაშვების მიზეზი მგზავრის შეუძლოდ გახდომა გახდა.
სამწუხაროდ, ადამიანი გარდაიცვალა და სანამ გარდაიცვლებოდა, ცუდად იყო და ბორტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ იქნებ გადარჩენის შანსი ყოფილიყო და დაშვებულიყო, - ამბობს თეკლა ვეკუა.