რესტავრაციისას მიღებული დაზიანებები ლახავს ძეგლის უნივერსალურ ღირებულებას - UNESCO გელათზე

10.08.21 11:31
რესტავრაციისას მიღებული დაზიანებები ლახავს ძეგლის უნივერსალურ ღირებულებას - UNESCO გელათზე

იუნსეკოს ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, გელათში მიმდინარე რესტავრაცია შეფასებულია, როგორც ძეგლის უნივერსალური ღირებულების დამაზიანებელ პროცესად. 

დოკუმენტის მიხედვით, გელათში  გადახურვების სარესტავრაციო სამუშაოებით მიყენებული დაზიანება, რომელიც გელათის სამონასტრო კომპლექსში ღვთისმშობლის და წმინდა გიორგის ეკლესიების მოხატულობას მიადგა,  ძეგლის უნივერსალურ ღირებულებას ლახავს. ამის შესახებ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის  კომიტეტის 44-ე სესიის დადგენილებაშია აღნიშნული. იუნესკო ხაზს უსვამს ძეგლის მართვის მექანიზმის არარსებობასაც.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს მმართველმა გუნდმა მრავალი მისასალმებელი ნაბიჯი გადადგა იუნესკოს კომიტეტის წარსული გადაწყვეტილებების აღსასრულებლად, ქონების მართვის მენეჯმენტის და მონიტორინგის ჩათვლით. 

თუმცა, იუნესკოს შეფასებით. ჩატარებული საკონსერვაციო სამუშაოები, სამწუხაროდ, წარმატებული არ ყოფილა. 

ღვთისმშობლის ტაძარზე ცოტა ხნის წინ დამონტაჟებული კრამიტის სახურავი და წმინდა გიორგის ტაძარში ტენიანობის მუდმივმა პრობლემებმა დააზიანა კედლების მხატვრობა და მოზაიკა ორივე ეკლესიის შიგნით, რაც მის უნივერსალურ ღირებულებაზე უარყოფით გავლენას ახდენს. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მმართველი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები მარიამ ღვთისმშობლის ტაძრის დროებით გადახურვასთან დაკავშირებით ასევე მისასალმებელია, მაგრამ საჭიროა გამოსავალი, რომელიც ეკლესიის ხელახლა გადახურვის საშუალებას მისცემს. 

დოკუმენტში ხაზგასმულია,  რომ გელათთან დაკავშირებული ყველა მითითებული ღონისძიება უნდა შეთანხმდეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან.

დადგენილების შესაბამისი ღონისძიებების ამსახველი ანგარიში განხილული იქნება კომიტეტის 45-ე სესიაზე, წარდგენის ვადაა 2022 წლის 1 თებერვალი.