ბოკერიას კლინიკა სასამართლოში უჩივის ყოფილ თანამშრომელს, რომელიც ანტივაქსერულ განცხადებებს ავრცელებდა

10.08.21 15:36
ბოკერიას კლინიკა სასამართლოში უჩივის ყოფილ თანამშრომელს, რომელიც ანტივაქსერულ განცხადებებს ავრცელებდა

ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი რეპუტაციული ზიანისა და ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი განცხადებების გამო ყოფილ მედძმას სასამართლოში უჩივის.  ინფორმაციას თავად კლინიკა ავრცელებს. 

ადმინისტრაციის ცნობით, ჰოსპიტალი, აქტიურად უჭერს მხარს ვაქცინაციას და კატეგორიულად ემიჯნება ყველა ანტივაქსერულ კამპანიას, მით უმეტეს, თუ მსგავსი აქტივობა მედპერსონალის მხრიდან ხორციელდება.

"ჰოსპიტლის უკვე ყოფილი, მედძმის მხრიდან დაფიქსირდა დამსაქმებლის რეპუტაციის/იმიჯის დაკნინება და იმ კოლეგების ღირსების შელახვა, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთ გამართლებულ გზად ვაქცინაციას მიიჩნევენ. ამასთანავე, აღნიშნულმა პირმა ვიდეო მიმართვა კომპანიის სახელისა და ლოგოს გამოყენებით გაავრცელა, რამაც შექმნა ცრუ წარმოდგენა, რომ დასაქმებულის მიერ კომპანიის პოზიცია გაჟღერდა. ეს წარმოადგენს პერსონალის, პაციენტებისა და მესამე პირთა შეცდომაში შეყვანას.

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ უკვე მიმართა სასამართლოს სარჩელით, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული პირის განცხადებაში არსებული მცდარი და მიზანმიმართულად დამახინჯებული ფაქტების სიცრუედ და ცილისწამებად აღიარება არის მოთხოვნილი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კომპანიის სახელით გაკეთებული მსგავსი შინაარსის განცხადებები არა მხოლოდ რეპუტაციულ ზიანს აყენებს ჰოსპიტალს, არამედ საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ვინაიდან სამედიცინო დაწესებულების სახელით გაჟღერებული ინფორმაცია საზოგადოებაში სარგებლობს მეტი ნდობით და, შესაბამისად, საჭიროებს ჰოსპიტლის მყისიერ რეაგირებას",- ნათქვამია განცხადებაში.