თბილისის მერია ჩვენს შენობას აუქციონზე ყიდის, ველოდებით პირობების გასაჯაროებას - "კაფე მზიური"
"კაფე მზიური" აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს - ამის შესახებ ინფორმაციას "კაფე მზიური" სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, მათ ეს ინფორმაცია არა მერიისგან, არამედ სახალხო დამცველის აპარატიდან მიიღეს.
"კაფე მზიურში" აცხადებენ, რომ აუქცუიონის პირობების გასაჯაროებას ელოდებიან.
მივიღეთ წერილი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან, სადაც გვატყობინებს ჩვენს კაფესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას აუქციონის შესახებ. სამწუხაროა, რომ მიუხედავად ჩვენი არაერთი წერილობითი მიმართვისა, თბილისის მერიამ უპასუხოდ დატოვა ყველა ჩვენი კითხვა. ომბუდსმენის აპარატი აღმოჩნდა ერთადერთი საჯარო უწყება, რომელმაც გვამცნო მერიის გადაწყვეტილების შესახებ.
ჩვენ დაველოდებით აუქციონის პირობების გასაჯაროებას. იმედს ვიტოვებთ, რომ საკონკურსო პირობები იქნება გამჭვირვალე, თანაბარი და მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. ასევე გათვალისწინებული იქნება ყველა ის ბარიერი, რაც შშმ პირებს სხვებთან თანაბარ პირობებში გახდის კონკურენტუნარიანს. [...]
გვინდა გვჯეროდეს, რომ ჩვენი კაფე არ გადაიქცევა მდიდარი ბიზნემენის მორიგ ობიექტად და წყალში არ ჩაგვიყრის მრავალი წლის მანძილზე ერთობლივი შრომით მიღებულ შედეგს. გპირდებით, რომ თქვენთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებთ მზიურის კაფეს გადასარჩენად. "მზიური" უნდა დარჩეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდამჭერ სივრცედ, როგორც თანასწორობის, ინკლუზიის მაგალითი და სხვა არაერთი სასარგებლო ინიციატივის ავტორი", - ნათქვამია კაფე "მზიურის" პოსტში.