მედიაზე ზეწოლის მცდელობა დიქტატურის პირველი ნიშანია - იოხენ შპანგენბერგი
"დიქტატურის პირველი ნიშანია, რომ შენ არ გყავს თავისუფალი მედია და ან ცდილობ მასზე ზეწოლას", - ამის შესახებ მედიისა და კომუნიკაციების ექსპერტმა, იოხენ შპანგენბერგმა "ტვ პირველთან" განაცხადა.
საქართველოში მყოფმა ექსპერტმა "ქართული ოცნების" ხელსუფლებას მედიის როლი შეახსენა და თქვა, რომ მედია არსებობს იმისთვის რომ გააკონტროლოს, გააკრიტიკოს:
დემოკრატიულ სახელმწიფოში ძალაუფლებაში მყოფი პირები უნდა გრძნობდნენ პასუხისმგებლობას, მედია არსებობს იმისთვის რომ გააკონტროლოს, გააკრიტიკოს, გამოიძიოს. მედიის თავისუფლად ფუნქციონირება დემოკრატიის საფუძველია. დიქტატურის პირველი ნიშანია, რომ შენ არ გყავს თავისუფალი მედია და ან ცდილობ მასზე ზეწოლას", - განაცხადა მედიისა და კომუნიკაციების ექსპერტმა, იოხენ შპანგენბერგმა.
"პირველებმა" გავლენიანი ექსპერტები მას შემდეგ ჩაწერა, რაც საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "ტვ პირველის" წინააღმდეგ სანქციები დააანონსა. გიორგი კალანდარიშვილის განცხადების ეთერში გასვლიდან მალევე, ცესკომ ახალი განცხადება გაავრცელა, სადაც უწყება ირწმუნება, რომ "ტვ პირველის" არც ერთთ ჟურნალისტს არჩევნების გაშუქების პროცესში პრობლემა არ შეექმნება და არც აკრედიტაციები გაუქმდება.
დამაზუსტებელ კომენტარში გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ ტელევიზიის რეპორტიორებს აკრედიტაციები არ გაუუქმდებათ, თუმცა შესაძლოა, "ტვ პირველთან" ურთიერთობები გადაიხედოს. რას გულისხმობს ურთიერთობების გადახედვა, ამას ცესკო გავრცელებულ განცხადებაში არ აკონკრეტებს.