ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი ხვალ გათავისუფლდება

12.09.24 18:37
ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი ხვალ გათავისუფლდება

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი ხვალ გათავისუფლდება - ამის შესახებ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 121-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. 

ირაკლი ანთაძის განცხადებით, ასევე გრძელდება მუშაობა კიდევ რამდენიმე მოქალაქის გათავისუფლებაზე.  

შაუმიანის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები ლაშა ხეთერელი გასულ წელს ივნისში დააკავეს.

დღეის მონაცემებით, ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში 10 ადამიანი რჩება.

"10 ადამიანი რჩება უკანონო პატიმრობაში, ბოლო ინციდენტი ეს გახლდათ გოდერძისა და უჩა ჯოხაძეების ინციდენტი.  წინა პერიოდშიც ყოფილა ამგვარი პრაქტიკა, რომ უკანონოდ დაკავებულების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, როცა არსებობს თუნდაც თეორიული შანსი, რომ ისინი გათავისუფლებულ იქნან უკანონო პატიმრობიდან გარკვეული პერიოდი, რა თქმა უნდა, გონივრულ ფარგლებში, აღებულია, რათა წარიმართოს მოლაპარაკებები. [ბორდერიზაციის შემთხვევებს რატომ მალავდით?] რას ჰქვია ვმალავდით, სუს-ი ამ ხნის განმავლობაში არ დუმდა, ვინაიდან ამ შემთხვევებში პრიორიტეტი ენიჭება პირველ რიგში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დროულ ინფორმირებას", - თქვა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.