"არსებობს ჩემი ლიკვიდაციის საფრთხე" - ინტერვიუ ქართველ ჯარისკაცთან, რომლის წინააღმდეგაც რუსეთმა საქმე აღძრა
პუტინის რეჟიმი ქართველი მეომრების წინააღმდეგ - რუსეთმა უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ჯარისკაცის წინააღმდეგ საქმე აღძრა. ლადო გამსახურდიას კურსკის ოლქში შეჭრის გამო ასამართლებენ.
აფხაზეთიდან დევნილი ჯარისკაცი პუტინის რუსეთის ბრალდებებს სიცრუეს და გამოგონილს უწოდებს და საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან თანამშრომლობაზე საუბრობს.
ლადო გამსახურდია "პირველებთან" ასევე ამბობს, რომ მისი ფიზიკური ლიკვიდაციის რეალური საფრთხე არსებობს და ამის პრევენციისთვის, საქართველოს სპეცსამსახურები არაფერს აკეტებენ.
ვიყავით კურსკში. ამის შემდეგ რუსეთმა ჩვენზე და კონკრეტულად ჩემს წინააღმდეგ 5 მუხლით აღძრა საქმე. მათ შორის არის ტერორიზმი. თითქოს ჩვენ თავს ვესხმოდით და ვავიწროვებდით მშვიდობიან მოსახლეობას, რაც არის რა თქმა უნდა, სიცრუე. თავად რუსეთი არის ამის სპეციალისტი, ოკუპანტი და ტერორი არის თავად რუსეთის და პუტინის რეჟიმის მოგონილი და მათი სტიქია. ჩვენ ყოველთვის ვართ სამართლიანობის მხარეს და მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საქმეს აღძრავს ჩვენს წინააღმდეგ რუსეთი. ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობს რუსეთთან, აქედან გამომდინარე არის საფრთხეები დაჭერისაც და ასევე ის, რომ მოხდება ჩემი ლიკვიდაცია და ამას ვერ გააკონტროლებს საქართველოს სპეცსამსახურები", - ამბობს გამსახურდია "პრიველებთან".
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი გამსახურდიას დაქირავებულად მოიხსენიებს და ბრალად სდებს: მკვლელობას, მკვლელობის მცდელობას; სხვისი ქონების განზრახ დაზიანებას; ტერორიზმსა და სხვა დანაშაულებს;
"გამოძიების ინფორმაციით, გამსახურდია დიდი ხანია ჩართულია შეიარაღებულ კონფლიქტში, ასევე აგროვებს, ამზადებს და აფინანსებს დაქირავებულ პირებს. უკრაინის სამხედრო ფორმირებების წარმომადგენლებთან ერთად მათ უკანონოდ გადაკვეთეს საზღვარი და შეიჭრნენ კურსკის რეგიონში. იქ ყოფნისას დაქირავებულებმა, გამსახურდიასთან ერთად, ჩაიდინეს დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავდა მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობას“, - აცხადებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.