საია: ამ დრომდე არ მომხდარა რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებისას პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების სათანადო გამოძიება

13.09.24 13:10
საია: ამ დრომდე არ მომხდარა რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებისას პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების სათანადო გამოძიება

საია აკვირდება რუსული კანონის პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებს - ამ დრომდე არ მომხდარა რუსული კანონის პროტესტის დროს სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების სათანადო გამოძიება და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დაკავებული პირების პატიმრობაში დატოვების მიზანშეწონილობა ხშირად ფორმალური ხასიათისაა და ინდივიდუალური შეფასება არ ხდება.

"რჩება განცდა, რომ მოსამართლეები, ძირითადად, შაბლონურად აფასებენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ მიზნებსა და საფუძვლებს, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობის საფუძვლები შესაძლოა თანდათან განეიტრალდეს და მისი გამოყენების აუცილებლობა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ აღარ არსებობდეს.

საიას მიერ წლების განმავლობაში სხდომებზე დაკვირვებით ჩანს, რომ ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების სახით შეცვლას მაშინაც კი არ ითხოვს, როდესაც ამოწურულია ის საფრთხეები, რის გამოც ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა. ასეთ შემთხვევებში ბრალდების მხარე, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, ორიენტირებული უნდა იყოს პატიმრობაში არ დარჩნენ ისეთი პირები, რომელთა მიმართაც პატიმრობის საფუძვლები აღარ არსებობს. [...]

მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებისა და სასამართლო ორგანოებმა შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვისას საფუძვლიანად იმსჯელონ პატიმრობის უცვლელად დატოვების მიზანშეწონილობაზე, მხედველობაში მიიღონ ახალი გარემოება/გარემოებები და გარდაუვალი აუცილებლობის გარეშე არ დატოვონ ბრალდებულები პატიმრობაში.

აღსანიშნავია, პროცესების დაგვიანებით დაწყებაც. რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირთა საქმეების პროცესების ნაწილი 20 წუთი და მეტი დროით დაგვიანდა, ერთ შემთხვევაში 50 წუთითაც. სხდომათა დაგვიანების მიზეზი სხვადასხვაგვარია: მოსამართლის მიერ სხვა პროცესის განხილვა, მხარეთა დაგვიანება და სხვა. ხაზგასასმელია, რომ საქართველოში სასამართლო სხდომების დაგვიანებით დაწყება ხშირი მოვლენაა. საიას სასამართლო საქმეების მონიტორინგი ავლენს, რომ თითქმის ყოველი მესამე სხდომა დაგვიანებით იწყება. სასამართლო მათ შორის ვერც გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე უზრუნველყოფს სხდომების დროულად დაწყებას.

საგულისხმოა, რომ ზემოთხსენებული საქმეებიდან ორი პირის საქმის განხილვა უკვე დასრულდა, ბრალდებულებმა უდავოდ მიიჩნიეს მტკიცებულებები და სასამართლომ მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა -  ერთ მათგანს ჯარიმა, ხოლო მეორეს პირობითი მსჯავრი განესაზღვრათ. დანარჩენი საქმეები კი, არსებითი განხილვის ეტაპზეა და უმრავლეს მათგანზე უკვე მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს.

იმის ფონზე, რომ რუსული კანონის პროტესტის მონაწილეების მიმართ საქმეები აქტიურია, საგანგაშოა, რომ ამ დრომდე არ მომხდარა რუსული კანონის პროტესტის დროს სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების სათანადო გამოძიება და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა," - წერია განცხადებაში. 

სრული განცხადება იხილეთ ბმულზე