უზენაეს სასამართლოში არსებულ ვაკანსიებზე მოსამართლეებად გავლენიანი ჯგუფის მიმართ ლოიალურად განწყობილი პირები შეირჩნენ - საია
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ ვაკანსიაზე კანდიდატების შერჩევის პროცესი შეაფასა და კვლევა მოამზადა.
ორგანიზაციის ცნობით, ჩატარებული კვლევის მიხედვით, დადგინდა, რომ უზენაეს სასამართლოში არსებულ ვაკანსიებზე მოსამართლეებად გავლენიანი ჯგუფის მიმართ ლოიალურად განწყობილი პირები შეირჩნენ.
საიას მიერ გავრცელებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ გასაუბრების მიმდინარეობისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ზოგიერთ შემთხვევაში, მოსამართლეთა კანდიდატებს მიმართულების მიმცემ კითხვებს უსვამდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ დასმული შეკითხვების შინაარსი თითოეულ კანდიდატთან მიმართებით, მეტ-ნაკლებად, მსგავსი იყო. თუმცა, ერთ-ერთი გასაუბრება სრულად პროფესიულ კითხვებს მოიცავდა,14 ერთ შემთხვევაში კი კანდიდატს საბჭოს წევრები სასამართლოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე მოსაზრებებს ეკითხებოდნენ, მაგალითად, რას ფიქრობდა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმზე, მართლმსაჯულების ოთხი ტალღის ფარგლებში ჩატარებულ რეფორმებსა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ასევე, არასამთავრობო სექტორის მხრიდან სიტყვა „კლანის“ გამოყენება ზეწოლას ხომ არ ახდენდა სასამართლოზე და ა.შ..
15 ზოგიერთ შემთხვევაში, თვალშისაცემი იყო მიმართულების მიმცემი შეკითხვები. მაგალითად, კანდიდატი საუბრობდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტთან დაკავშირებით, როდესაც საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა დამაზუსტებელი კითხვა ასეთი ფორმულირებით დაუსვა: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტი ხომ არ არის სამართლიანი სასამართლოს პრინციპი?", - ვკითხულობთ კვლევაში.
საია აღნიშნავს, რომ ნომინირების პროცესი, წლებია, კრიტიკას იმსახურებს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.
რა გადაცდომები გამოვლინდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევაზე? - კვლევა იხილეთ სრულად.