სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეს ძალადობაში ამხელენ - რა მოხდა ლისის ტერიტორიაზე

13.09.24 17:12
სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეს ძალადობაში ამხელენ - რა მოხდა ლისის ტერიტორიაზე

სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეს ძალადობაში ამხელენ. ახალგაზრდა ქალი ამტკიცებს, რომ მაია გიგაურმა მისი მცირეწლოვანი შვილი სახალხოდ სცემა. ინციდენტი ბავშვთა გასართობ ცენტრ "ლისი ქიდს"-ში, ხალხმრავალ ადგილზე მოხდა. დაზარალებული ასევე ირწმუნება, რომ მოსამართლის მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი თავადაც გახდა. 

ვინც ნახა, იქიდან ვიცით, რომ ნამდვილად გარტყმული აქვს ხელი. სავარაუდოდ, უნდა არსებობდეს მტკიცებულებები, იქ ვიდეოკამერები არის. თვითონ პოლიცია რას იზამს არ ვიცით, დღეს აღარავინ დაგვეკონტაქტა პოლიციიდან. სტრესში, რა თქმა უნდა, იქნება ( ბავშვი). ექსპერტიზაც ჩატარებულია და იქ გაირკვევა, იძალადა თუ არ იძალადა, - ამბობს დაზარალებული ქალი.

ინფორმაციის გადასამოწმებლად "პირველები" ლისის ტერიტორიაზე მივიდა, სადაც "ლისი ქიდსის" თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ იქ პოლიცია ნამდვილად იყო მისული. 

"პირველები" ასევე მაია გიაგური მეუღლეს, ვალერიან მაჭავარიანსაც ესაუბრა. ის ძალადობის ფაქტს უარყოფს და ამტკიცებს, რომ ლისის ტერიტორიაზე მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

შეცდომაში ხართ შეყვანილი, იმიტომ, რომ ასეთი რამ არ ყოფილა. არა, მითუმეტეს, რასაც თქვენ ამბობთ - არა, - ამბობს მაჭავარიანი, რომელმაც დამატებით კითხვებზე პასუხების გაცემა აღარ ისურვა და ტელეფონი გათიშა. 

მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები მივიდნენ და სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები ამოიღეს, გამოკითხეს მცირეწლოვანი ბავშვის დედაც, თუმცა შემდეგ საქმე პროკურატურამ გადაიბარა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, გამოჰკითხეს თუ არა ძალადობაში მხილებული მოსამართლე.