ირაკლი ეძგვერაძე 2700 ლარით დააჯარიმეს

13.09.24 17:29
ირაკლი ეძგვერაძე 2700 ლარით დააჯარიმეს

საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი ეძგვერაძე სამართალდამრღვევად ცნო და 2700 ლარით დააჯარიმა.

განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

ეძგვერაძის ადვოკატი, გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს და ამბობს, რომ არავითარი მტკიცებულება არ არსებობდა, რის გამოც მისი დაჯარიმება მოხდებოდა.

2700 ლარით დააჯარიმა მოსამართლემ ირაკლი ეძგვერაძე იმ გარემოებებში, როდესაც მას გაუსწორდნენ ფიზიკურად, მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ჰყავდათ 48 საათი იზოლატორში და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს თურმე ეს პოლიციელები არც კი ჰყავთ გამოკითხული. სასამართლოში წარმოვადგინეთ ვიდეომტკიცებულები, სადაც ჩანდა, რომ ის არავითარ სამართალდარღვევას არ სჩადიოდა, არავითარი მტკიცებულება არ ჰქონდა სამართლოს, რომ დაეჯარიმებინა, მაგრამ ისევ და ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო“,- განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

ეძგვერაძის ჯარიმის გადახდა 7 დღის განმავლობაში მოუწევს.

მანამდე, საქალაქო სასამართლოში ოთხი პოლიციელი დაიკითხა, რომლებმაც მოსამართლეს ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს. თუ გიორგი ზუბადალაშვილი ამტკიცებდა, რომ ეძგვერაძეს დაზიანებები ავტოფარეხში ჩაყვანისას უკვე ჰქონდა, დანარჩენები ირწმუნებოდნენ, რომ პოლიტიკოსის სხეულზე დაზიანებების კვალი არ შეუმჩნევიათ.

რა მოხდა გლდანში 4 სექტემბრის ღამეს - ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია სასამართლოს ირაკლი ეძგვერაძის მეგობრებმაც მიაწოდეს. მათ თქვეს, რომ სამართალდამცველები, რომლებმაც ეძგევერაძის დაკავება გადაწყვიტეს, იყვნენ აგრესიულები, სიტყვიერ და ფიზიკურ დაზიანებებს აყენებდნენ მას.

სხდომაზე ასევე დაიკითხნენ ის ადამიანები, რომლებმაც შემთხვევა გადაიღეს.