დიპლომატს, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვიდა, დისციპლინური საყვედური გამოუცხადეს - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

13.09.24 18:44
დიპლომატს, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვიდა, დისციპლინური საყვედური გამოუცხადეს - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, ალექსანდრე გოგოლაძის ინტერესების დაცვის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და  მის მიმართ დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის გაუქმება, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ დიპლომატს საყვედური მხოლოდ იმის გამო გამოუცხადეს, რომ მან სოციალურ ქსელში რუსული კანონის საწინააღმდეგო პოსტი გამოაქვეყნა.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მიუხედავად იმის, რომ ალექსანდრე გოგოლაძემ წარადგინა შესაბამისი დოკუმენტი, რითაც დადასტურდა, რომ მას აუცილებლად უნდა დაეტოვებინა ქვეყანა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ საყვედური მაინც გამოუცხადა.

ალექსანდრე გოგოლაძე 2013 წლიდან მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ამჟამად არის სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი. ალექსანდრე გოგოლაძემ 2024 წლის 1 მაისს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან წინასწარი შეთანხმებით, მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დაუყოვნებლივ დატოვა სომხეთი და საქართველოში გამოემგზავრა. ამავე დღეს, მან სოციალურ ქსელ "Facebook"-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც გამოეხმაურა ქვეყანაში "რუსული კანონის" წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს და მიუთითა, რომ მისთვის მიუღებელი არის ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობდა, გმობდა ე.წ. "რუსულ კანონს" და ძალადობას, რომელსაც ხელისუფლება იყენებდა აქციების მონაწილეების მიმართ. მისი ეს პოსტი საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის მედია საშუალებებმაც გაავრცელეს.

პოსტის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ალექსანდრე გოგოლაძის მხრიდან სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე დაიწყო დისციპლინური წარმოება. კერძოდ, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ გოგოლაძემ მასთან შეთანხმებით დატოვა სომხეთის ტერიტორია, მან დაარღვია შვებულების მოთხოვნის წესი, ვინაიდან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით არ წარადგინა შესაბამისი განცხადება და დატოვა ადგილსამყოფელი ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ გოგოლაძემ წარმოების პროცესში სამინისტროში წარადგინა ინფორმაცია მამის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ და მიუთითა, რომ 2024 წლის 1 მაისს მას სომხეთის რესპუბლიკაში საქართველო საელჩოში არ ჰქონდა წვდომა ინტერნეტზე და მხოლოდ ამიტომ ვერ შეძლო განცხადების წარდგენა, მინისტრის გადაწყვეტილებით, მას მაინც დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და გამოეცხადა საყვედური, რომელიც დისციპლინური პასუხისმგებლობის მძიმე და არათანაზომიერ სახდელს წარმოადგენს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს ალექსანდრე გოგოლაძის ინტერესების დაცვას და საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას საქმის მიმდინარეობის შესახებ“, - წერია ინფორმაციაში.

სამინისტროს მხრიდან კანონის დარღვევაზე, წნეხასა და ზეწოლაზე ალექსანდრე გოგოლაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტშიც საუბრობს და ბოლომდე ბრძოლას აანონსებს. 

დაიწყო სამართლებრივი დავა ჩემსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის. 
მადლობას ვუხდი სოციალური სამართლიანობის ცენტრს და განსაკუთრებით ამ ორგანიზაციის პროფესიონალ იურისტებს, რომლებიც გვერდში დამიდგნენ ჩემთვის ძალიან საინტერესო, თუმცა, გამოწვევებით სავსე ცხოვრების მონაკვეთში! ქეთი, მარიამ, დიდი მადლობა! 
იმ დღიდან, როდესაც საჯაროდ დავდექი ისტორიის სწორ მხარეს, მინისტრის ნაჩქარევი გადაწყვეტილების გამო, სამინისტრო იძულებული გახდა ჩემს მიმართ დაერღვია რამდენიმე კანონი. საქმის დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. სოციალური სამართლიანობის ცენტრის გვერდზე დევს პრეს-რელიზი, სადაც აღწერილია ჩემი საქმე.
სამწუხაროდ, ზოგს მიაჩნია, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს, რომ სისტემის ზეწოლა არნახულად დიდია. მე ეს ჩემს თავზე უკვე განვიცადე. წნეხი, რაც რეჟიმს შეუძლია გამოიყენოს შენს დასაჩაგრად, თავიდან, შთამბეჭდავად გეჩვენება. თუმცა, ეს გრძნობა დროებითია. იმავე წამს ქრება, როგორც კი იაზრებ, რომ საპირისპირო მხარეს ადამიანის სულის ბუნებრივი მოთხოვნა - თავისუფლებაა! ეს ის ძალაა, რომელსაც ვერცერთი რეჟიმი წინ ვერ დაუდგება, რაც არ უნდა დაუნდობელი და გამწარებული იყოს. 
როდესაც ჩვენს ქვეყანაში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენები ვითარდება, ერთი რიგითი დიპლომატის ბრძოლა რეჟიმის უსამართლობისა და ძალადობის წინააღმდეგ, შესაძლოა, უმნიშვნელოდ ჩანდეს. მაგრამ, მე ასე არ ვთვლი! ყველა ქართველის სიტყვა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სისტემის რიგითი თანამშრომლების. ხშირად, ჩვენს მიერ დარღვეული დუმილი უფრო მტკივნეულად ჟღერს, ვიდრე ელჩების, თუ სხვა მაღალი თანამდებობის პირებისა.
მინდა ყველა ქართველ საჯარო მოხელეს მივმართო, ვისაც გული შესტკივა ჩვენს ქვეყანაზე, ვინც აირჩია ნათელი მომავალი, ევროპული მომავალი!
ვიცი, როგორი გაუსაძლისია თქვენთვის ეს ვითარება, სადაც მოკლებული ხართ სიტყვის თავისუფლებას, ხოლო ნებისმიერი საპირისპირო ხედვა დასჯადია. ამის მიუხედავად, ვიცი, რომ მაინც ცდილობთ დაიცვათ ქვეყანა როგორც გარე, ისე შიდა მტრებისგან. ნუ იფიქრებთ, რომ მარტო ხართ, ნუ იფიქრებთ რომ თქვენს ძალისხმევას არ აქვს გავლენა. ზუსტად რიგით თანამშრომლებზე დგას სისტემა. რეჟიმი გრძნობს თქვენს ძალას და ამიტომ იძულებულია გაზარდოს წნეხი. ტირანია მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა, ეს რეპრესიული წნეხი მხოლოდ ნიღაბია, რომლის უკან დიდი შიში იმალება, შიში თქვენს მიმართ! 
ისინი დარწმუნებული არიან, რომ ჩვენი დაჩაგვრა მარტივად გამოუვათ, დაგვადუმებენ და ღირსებას ჩამოგვართმევენ. მაგრამ, ცდებიან! მჯერა, რომ მალე მოვა დრო, როდესაც ყველა ჩვენგანის ბრძოლაში შეტანილი მცირედი წვლილი, ერთიანად, გაუსაძლისი აღმოჩნდება რეჟიმისთვის და იგი გატყდება!
მე თავს არ ვგრძნობ მარტოდ! ვიცი, რომ ზურგს უამრავი ადამიანი მიმაგრებს, თავისუფლების მოყვარე მეომრები. მალე მოვა დღე, როდესაც საქართველო განთავისუფლდება, მაგრამ ამისთვის, უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა! ", - წერს გოგოლაძე.