შსს უარყოფს, რომ პოლიციელს სამსახურიდან წასვლას აიძულებენ

12.08.21 10:45
შსს უარყოფს, რომ პოლიციელს სამსახურიდან წასვლას აიძულებენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს, რომ პოლიციელ თამაზ ჯოხაძეს სამსახურიდან წასვლას აიძულებენ. 

უწყება პოლიციელ  ჯოხაძის მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც თამაზ ჯოხაძე  ამბობს, რომ სამსახურიდან ყოველგვარი  ახსნა-განმარტების გარეშე ათავისუფლებენ. ჯოხაძე ვიდეოში გათავისუფლების სავარაუდო  ვერსიაზეც საუბრობს და მისი გათავისუფლების სავარაუდო მიზეზად  მის სიძეს - გიორგი მეზვრიშვილს ასახელებს. მეზვრიშვილი შიდა ქართლის დაცვის პოლიციის უფროსი იყო და ამავე დროს გიორგი გახარიას გუნდის წევრის, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძის ბავშვობის მეგობარი. 

გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს,  სადაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი აცხადებს, რომ თითქოს მას ხელმძღვანელი პირები სამსახურიდან წასვლას აიძულებენ. 
მიმდინარე წლის 11 აგვისტოს, გორის საპატრულო პოლიციაში ხელმძღვანელების მიერ აღნიშნულ თანამშრომელთან, მისი შესაძლო დისციპლინარული გადაცდომების და უკანონო საქმიანობის შესახებ ჩატარდა გასაუბრება, რამაც გამოიწვია პატრულ-ინსპექტორის უკმაყოფილება და გაღიზიანება.


ამ ეტაპზე პატრულ-ისნპექტორი თამაზ ჯოხაძე აგრძელებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას. პატრულ-ინსპექტორის მხრიდან შესაძლო დისციპლინარულ გადაცდომის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურეობრივი შესწავლის დასრულებისთანავე შედეგები დაინტერესებული პირებისთვის ცნობილი გახდება", - წერია განცხადებაში.