მოსამართლე კობა ჩაგუნავამ "ტვ პირველი" 5 ათასი ლარით დააჯარიმა
ხელისუფლებამ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სადამსჯელო ზომები აამოქმედა. "ტვ პირველი" მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 5 ათასი ლარით დააჯარიმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მთავრობის კონტროლისგან თავისუფალი მედია მხოლოდ იმიტომ დააჯარიმა, რომ საეთერო ბადეში ძალადობის წამახალისებელი და სიძულვილის ენით სავსე "ქართული ოცნების" პოლიტიკური რეკლამა არ ჩასვა.
კობა ჩაგუნავა დღეს "ტვ პირველის" იურისტს უხსნიდა, რომ საკითხი თავად არასამთავრობოებს უნდა გაესაჩივრებინათ, თუკი თვლიდნენ, რომ აღნიშნული რეკლამით მათ დემონიზებას ცდილობდნენ.
ამგვარად, "ტვ პირველი" სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძულებულია, ძალადობის წამქეზებელი სარეკლამო რგოლი ეთერში დააბრუნოს, თუმცა ამასთან დაკავშირებით ტელეკომპანია პასუხისმგებლობას იხსნის.
რაც შეეხება მარეგულირებელი კომისიის მეორე საჩივარს, ამ შემთხვევაში, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოფარგლა, თუმცა "ტვ პირველი" ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. საქმე ეხება პოლიტიკური სუბიექტებისთვის უფასო სარეკლამო დროის დათმობას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ნება, რომელიც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ თავისი საჩივრების შემოტანის მომენტში და ასევე დაადასტურა მარეგულირებელი კომისიის განზრახვა, რომ ტელეკომპანია პირველსა და სხვა კრიტიკულ მედიებზე ჰქონდეს ზეწოლა და ასევე ფინანსური სანქციები. ორივე საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა აბსოლუტური დარღვევები და ასევე სიძლვილის ენა წააქეზა, რომელიც არის მიმართული მესამე სექტორის მიმართ, - განაცხადა პროცესების შემდეგ „ტვ პირველის“ ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებებს "ტვ პირველი" სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
"ტვ პირველის" გარდა ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლების სამიზნეა "მთავარიარხი" და "ფორმულა".