ანტირუსული აქციების მონაწილე სასამართლომ 4 წლით ციხეში გაუშვა

16.09.24 13:21
ანტირუსული აქციების მონაწილე სასამართლომ 4 წლით ციხეში გაუშვა

ანტირუსული აქციების მონაწილეს, გიორგი შანიძეს მოსამართლემ ოთხ წლიანი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკმაყოფილება მოჰყვა - “თავისუფლება პოლიტპატიმარს“ - ისმოდა თბილისის საქალაქო  სასამართლოს ეზოში.

შანიძე თავს კრიმინალად არ თვლის და მიიჩნევს, რომ ის ყოველთვის იყო ისტორიის სწორ მხარეს და მაშინ, როდესაც საქართველოს ახალი ისტორია იწერებოდა, ახალგაზრდებთან ერთად რუსულ კანონს აპროტესტებდა.

თავს მაინცდამაინც კრიმინალად ვერ მივჩნევ, ვფიქრობ ჩემი ქვეყნისთვის საჭირო საქმეს ვაკეთებდი და ამიტომ ჩავიდინე ეს “დანაშაული“, რასაც მედავებიან“,- განაცხადა შანიძემ სასამართლო პროცესზე.

შანიძის მამა აცხადებს, რომ ბრძოლას გააგრძელებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ შვილს მაქსიმალურად დაეხმაროს.

მოლოდინი მქონდა, რომ გაამტყუნებდნენ, მაგრამ არ მეგონა, რომ დააკავებდნენ და პირობითს არ მისცემდნენ, უკრაინაშია ნამყოფი, ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. ვაგრძელებთ ბრძოლას, ყევლაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ“,- განაცხადა თამაზ შანიძე.

ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი ამბობს, რომ “მეორე მუხლი, რომ არ ყოფილიყო, ნარკოტიკების კულტივირების და მოვლის, გაცილებით უკეთესი იქნებოდა შანსები, დაბალ სასჯელთან დაკავშირებით“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შანიძე უკრაინაში იბრძოდა, დაბრუნების შემდეგ ის საკუთარი ქვეყნის ინტერესებს რუსთაველზე იცავდა და რუსულ კანონს აპროტესტებდა. გამოძიება შანიძეს სახელმწიფო ქონების დაზიანებას და დიდი ოდენობით  მარიხუანას  მოყვანასა და შენახვას ედავებოდა.