რუსული „როსატომი“ საქართველოში მცირე ჰესების მშენებლობას განიხილავს
რუსული „როსატომი“ საქართველოში მცირე ჰესების მშენებლობას განიხილავს. ამის შესახებ „როსატომ სერვისის“ (როსატომის ელექტროენერგიის განყოფილება) გენერალურმა დირექტორმა ევგენი სალკოვმა სააგენტო „ტასს“ განუცხადა.
მიზნად დავისახეთ 10 მგვტ-მდე მცირე ჰიდროელექტროსადგურების აშენება რუსეთის ყველა რეგიონში, სადაც საჭიროა და არის მდინარეები. საზღვარგარეთ ჯერ გაფორმებულია ერთი კონტრაქტი ყირგიზეთთან, მაგრამ ახლა ჩვენ განვიხილავთ კიდევ ერთი სადგურის მშენებლობას. ჩვენს გეგმებში ასევე შედის მცირე ჰესების მშენებლობა სომხეთსა და საქართველოში, — განაცხადა სალკოვმა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის კონგრესი ამჟამად როსატომის სანქცირების აქტს განიხილავს. კანონპროექტი ითვალისწინებს მეორადი სანქციების დაწესებას უცხოელების მიმართაც, რომლებიც კომპანიასთან თანამშრომლობენ.