გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმე თავდაყირა დგება - მამა ახალი მტკიცებულებების გასაჯაროებას აანონსებს
აქცია გენერალურ პროკურატურასთან - მთავარ საგამოძიებო უწყებასთან გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახის წევრები მივიდნენ, რომლებმაც ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვეს,სადაც ნათქვამია, რომ კვლევისათვის ბიოლოგიური მასალები არ იყო აღებული, შედეგად თერაპია წარიმართა არა სათანადოდ, რამაც გამოიწვია ფეხბურთელის მდგომარეობის გაუარესება და შემდეგ გარდაცვალება.
ოჯახის განცხადებით, 3 წლის განმავლობაში, ისინი სწორედ ამას ამტკიცებდნენ და პროკურატურას საქმის სათანადოდ გამოძიებას სთხოვდნენ.
გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა იმ მედიკოსების დასჯას ითხოვს, რომლებმაც გიორგი ჩარკვიანის თქმით, მისი შვილი სიკვდილამდე მიიყვანეს.
მისივე თქმით, 27 სექტემბერს, შვილის საფლავზე გამოააშკარავებს იმ მტკიცებულებებს, სადაც მისი მტკიცებით, ექიმების მიერ ჩადენილი დანაშაული დადასტურებულია.
ჩარკვიანი ამბობს, რომ მათ მოიპოვეს რესპუბლიკური საავადმყოფოდან ინფორმაცია, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ჩანაწერები წაშლილია.
27 სექტემბერს, ჯვართ ამაღლების დღეს, ვაანონსებ, იმ შესაძლო ინფორმაციებს გამოვააშკარავებ და საზოგადოებისთვის ნათელი გახდება, თუ რა ხდებოდა და რა ხდება შიდა კულუარებში.
ახლადაღმოჩენილ მტკიცებულებებში თვალნათლივ ჩანს ის დანაშაულებრივი ქმედებები, რომელიც ჩადენილი იქნა, იმ ჯალათი ექიმების მიერ, რაც ჩაიდინეს ჩემს შვილთან მიმართებაში. მოვიდა რესპუბლიკური საავადმყოფოდან წაშლილი, შესაძლო მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ჩანაწერები წაშლილია'', - ამბობს გიორგი ჩარკვიანი.
ადვოკატის თქმით, გარდაცვლილ ფეხბურთელს ექიმებმა სავალდებულო კვლევა არ გაუკეთეს, რის შემდეგაც არასწორი მკურნალობა დაიწყეს.
ვახტანგ ჩარკვიანს არ ჰყავდა კონკრეტული მკურნალი ექიმი და ყოველდღე იცვლებოდა მორიგე ექიმი, შესაბამისად არცერთ ექიმს არ გაუკეთებია სავალდებულო პროცედურები, ფაქტობრივად, ანალიზი უნდა გაკეთებულიყო და ამის გარეშე დაუწყეს, ანტიბიოტიკების თერაპია, რამაც საბოლოო ჯამში, ამ შედეგამდე მიგვიყვანა. როგორც უწერია ექსპერტს, რომ ჩატარებულიყო კვლევა, გახდებოდა აუცილებლად სწორი დოზირების, სწორი დანიშნული დიაგნოზით და სწორი დოზირებით მიიღებდა იმ წამლებს. ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს, ახლო მომავალში“- განაცხადა ზაალ დავითაიამ.
ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კლინიკაში შეყვანისას კორონავირუსი დაუფიქსირდა, თუმცა, მისი ოჯახის განცხადებით, გარდაცვალებამდე ჩარკვიანს ვირუსი დამარცხებული ჰქონდა.
დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ვახტანგ ჩარკვიანი კლინიკაში ნარკოტიკული პრეპარატების ზედოზირებით გარდაიცვალა, თუმცა ოჯახი ამტკიცებს, რომ სამედიცინო დოკუმენტაცია გაყალბებულია.