ისიც, მეც ერთი ღმერთის შექმნილი ვართ... ძალიან მტკივა ის ყველა სისხლის წვეთი... - მაჩალიკაშვილი კესარიას მკვლელობაზე
ადამიანი მხეცია და მხეცზე უარესი. როგორ შეიძლება ასეთი მშვენიერებას ასე უმოწყალოდ მოექცე - მალხაზ მაჩალიკაშვილის კესარია აბრამიძის მკვლელობას სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა წერს, რომ მისთვის ყველაზე ახლობელია ახლობელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი.
მალხაზ მაჩალიკაშვილი კესარიას გაცნობას იხსნებს და ამბობს, რომ ისიც და თავად "ერთი ღმერთის შექმნილი არიან".
არის ორი დიდი გაუსაძლისი ტკივილი. ეს ორივე დიდი ტკივილი კი შენი ახლობელი ადამიანის დაკარგვას უკავშირდება. ამ დიდ ტკივილშიც არის ისევ დიდი სხვაობა.
არის ადამიანი, რომელიც თავისი სიკვდილით კვდება და გტკივა გაუსაძლისად.
არის ტკივილი, ვინმე მხეცი მოგიკლავს ახლობელს თუ ოჯახის წევრს, როცა სრულიად არ ელოდები მსგავსი უბედურება დაგატყდება თავს. ეს ტკივილი ბევრად უფრო დიდი ტკივილია, ვიდრე ის ტკივილი, რომელიც აღვნიშნე.
ადამიანი მხეცია და მხეცზე უარესი. როგორ შეიძლება ასეთი მშვენიერებას ასე უმოწყალოდ მოექცე, ამაყობდე შენში, რომ მისნაირი მშვენიერ არსებასთან კონტაქტობ და ამავე დროულად გრცხვენიდეს შენი საქციელისა.
ძალიან მტკივა ის ყველა სისხლის წვეთი, რომელიც სხვისი ხელით მხეცურად დაიღვარა, იღვრება და დაიღვრება.
სისასტიკეა, როცა შენ ფიქრობ სახელმწიფო გიცავს, მაგრამ მას შენთვის არ სცალია და კიდიხარ.
ამ გოგონას ვიცნობდი საკმაოდ ახლოს, გუშინ აქეთ, რაც ეს ამბავი გავიგე, სულ ჩამესმის მისი სიტყვები, როცა პირველად მნახა.
"მე გავბედავ და ხელს ჩამოგართმევთ, ვიცი, შენ სხვებს არ გავხარ". ან რატომ არ უნდა გაებედა ჩემამდე მოსვლა, ისიც, მეც, შენც ხომ ყველა ერთი ღმერთის შექმნილი ვართ.
ღმერთმა თავად ხომ ყველაზე კარგად იცის, ვის ქმნის და რატომ ქმნის. მე ამ დიდი მწუხარების მოზიარე ვარ", - წერს მაჩალიკაშვილი.
მოდელი და მსახიობი, ტრანსგენდერი ქალი გუშინ, 18 სექტემბერს, თბილისში, საკუთარ სახლში მოკლეს. კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით, მისი მეგობარი მამაკაცი ბექა ჯაიანი დააკავეს.
"პირველების" ინფორმაციით, ჯაიანი მაშინ დააკავეს, როცა ის ქვეყნიდან გაქცევას გეგმავდა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.