დეპორტაციის და აგვისტოს ომის საქმეებზე რუსეთის დავალიანება 154 მლნ ევრომდე გაიზარდა
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ დისკუსია გამართა და კომიტეტმა "საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ" I და II სახელმწიფოთაშორის დავებზე ევროპის ადამიანის უფლებათა გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო შეშფოთება გამოხატა.
პირველი საქმე 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას ეხება, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას 10 000 000 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
მეორე შემთხვევაში კი, აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთს 129 მილიონ ევროზე მეტის კომპენსაცია დაეკისრა.
კომპენსაციის დაკისრებისა და ვადის ამოწურვის მიუხედავად, რუსეთმა დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა, რისთვისაც მას დავალიანების პროცენტი ერიცხება.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თანახმად, 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით, დეპორტაციის საქმეზე რუსეთის ფედერაციის მთლიანი დავალიანებამ 12 503 972,60 ევრო შეადგინა, ომის საქმეზე კი — 141 183 849,33 ევრო.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, შეასრულოს საერთაშორისო სამართლისა და კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები, აღასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები და დაუყოვნებლივ გადაიხადოს კომპენსაციები დარიცხულ საპროცენტო განაკვეთთან ერთად.
ამასთან, მინისტრთა კომიტეტი ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს სთავაზოს, გამოიკვლიონ ყველა შესაძლო საშუალება ამ საქმეების აღსრულების უზრუნველსაყოფად.
გადაწყვეტილებების ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღსრულების ზედამხედველობის მექანიზმის ფარგლებში საქმის განხილვა 2025 წლის სექტემბრამდე გაგრძელდება.