პროტესტის 72-ე დღე "ევოლუშენში" - გაფიცულები სოლიდარობის ჯაჭვის გასაკეთებლად ემზადებიან
"ევოლუშენ ჯორჯიაში" დასაქმებული ახალგაზრდებისთვის პროტესტის 72-ე დღის ათვლა დაიწყო - აზარტული თამაშების ოპერატორ კომპანიასთან ვითარება, პრაქტიკულად, უცვლელია.
დღეს, 21 სექტემბერს, 13:00 საათზე პროტესტის ავანგარდში მოქცეული გაფიცული თანამშრომლები სოლიდარობის ჯაჭვს გააკეთებენ.
გაფიცულები "პირველებთან" ამბობენ, რომ დასაქმებულების მოთხოვნები არ სრულდება. არც შრომის ადამიანურ პირობებს უქმნიან, არც ხელფასებს უმატებენ და სამსახურიდან არც ბულინგში მხილებულ მენეჯერებს უშვებენ.
მეტიც, როგორც ახალგაზრდები აცხადებენ, კომპანიამ გაფიცულების წინააღმდეგ ზონდერების მიგზავნა და დემონსტრანტების ფიზიკური ძალადობით დაშლა დაიწყო.
რამდენიმე კვირის წინ, ჯერ კიდევ როდესაც ვშიმშილობდით, სათავო ოფისი გვქონდა დაკავებული გაფიცულებს და ევოლუშენმა მოიყვანა ზონდერები, რომელთაც დაავალა, რომ ფიზიკური ძალადობით გამოვეყარეთ მოშიმშილეები შენობიდან. მაგ დღის შემდეგ, გაფიცულების წინააღმდეგ, სამი ზონდერი მიუგზავნა ერთ-ერთ გაფიცულს სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 2 საათზე გვაქვს დაგეგმილი აქცია. ველოდებით საზოგადოებას", - ამბობს გაფიცული.
Evolution Georgia-ს თანამშრომლები კომპანიას არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ. მათ უწყვეტი პროტესტი 12 ივლისიდან დაიწყეს და არ აპირებენ შეწყვეტას, მანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. გაფიცულები ითხოვენ ხელფასის 100%-იან ზრდას, ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, სამედიცინო სივრცეს სამუშაო ტერიტორიაზე და სხვა.