ბათუმის დაწვრილებული შესასვლელი კვლავ ფართოვდება - ერთი ხიდის სარეაბილიტაციოდ მერია 2 მლნ ლარზე მეტს ხარჯავს
ბათუმის დაწვრილებული შესასვლელი კვლავ ფართოვდება - მდინარე ყოროლისწყალზე არსებული სამანქანო გადასასვლელისთვის დამატებითი ტენდერი გამოაცხადეს.
საპროექტო დოკუმენტით დგინდება, რომ ხიდის სამანქანო ნაწილი ორივე ზოლით რეაბილიტაციამდე 10 მეტრი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც კომპანია "სინათლე 2006-მა" სამუშაოები ჩაატარა, ხიდის სიგანე 8 მეტრამდეა შემცირებული.
კომპანია "სინათლე 2006-ის" მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ წელიწადს გაგრძელდა და ჯამურად ორ მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ახლა კი მერიის გადაწყვეტილებით, ხიდის სიგანის 10 მეტრამდე გაფართოების მიზნით, ახალი ტენდერი გამოცხადდა.
ირკვევა, რომ გამოცხადებულ ტენდერში ერთადერთმა კომპანიამ, "ხელვაჩაურის საგზაომ" მიიღო მონაწილეობა, რომელმაც უკონკურენტო ტენდერში გამარჯვება მოახერხა, რის გამოც ბათუმის მერიისგან 200 ათას ლარზე მეტს მიიღებს.
ექსპერტების თქმით, ბათუმის მერიის მიერ ერთი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელშიც დაახლოებით 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, სავარაუდოდ, 15 დეკემბერს დასრულდება.
ახლა გამოაცხადეს ახალი ტენდერი, 210 ათას ლარიანი, რომელიც ემსახურება იმას, რომ ხიდის სავალი ნაწილი გაფართოვდეს და დაუბრუნდეს თავის თავდაპირველ სიგანეს. ანუ, გამოდის, რომ 2 წლის წინ ჩატარებული რეაბილიტაცია, რომელშიც დაიხარჯა, თითქმის, ორი მილიონი ლარი, რეალურად, შეიძლება, რაღაცები გამოსწორდა, მაგრამ ამან გამოიწვია ისეთი პრობლემა, რომ ჩვენ 2024 წელს გვჭირდება, რომ ჩავატაროთ ახალი რეაბილიტაცია", - ამბობს დარგის ექსპერტი.
კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი, ბესიკ დონაძე კი ბათუმის მერიას კორუფციულ გარიგებებსა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს.
როგორც დონაძე "პირველებთან" ამბობს, ხიდის რეაბილიტაციისა და მილიონობით ლარის დახარჯვის მიუხედავად, სამანქანო ზოლი ტრანსპორტის მძლავრ ნაკადს მაინც ვერ უძლებს და ბათუმის შესასვლელთან კილომეტრიანი რიგები დგას.
დაპროექტების დროს არის შეცდომები დაშვებული. მიზნები, რასაც უნდა მიაღწიონ, არ იციან ამ ადამიანებმა, რადგან არ აქვთ ზუსტი გეგმა. ეს არის არაპროფესიონალიზმი, გულგრილობა, დაუდევრობა, კორუფცია და ყველაფერი ერთად აღებული. სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები იხარჯება, მაგრამ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვერ ვიღებთ სახელმწიფო და მუნიციპალურ სიკეთეებს. ბათუმის მერმა, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა ვერ გათვალეს ის, რომ ტურისტების მომატების შემთხვევაში, გზას დასჭირდებოდა გაფართოება", - ამბობს ბესიკ დონაძე.