"ევოლუშენ ჯორჯიას" გაფიცულმა თანამშრომლებმა კომპანიის შენობას კვერცხები დაუშინეს

21.09.24 15:22
"ევოლუშენ ჯორჯიას" გაფიცულმა თანამშრომლებმა კომპანიის შენობას კვერცხები დაუშინეს

"ევოლუშენ ჯორჯიასთან" საპროტესტო ტალღამ იფეთქა - რამდენიმე წუთის წინ გაფიცულმა თანამშრომლებმა კომპანიის შენობას კვერცხები დაუშინეს.

ამ წუთებში კი პროტესტის ავანგარდში მყოფი ადამიანები აზარტული თამაშების ოპერატორი კომპანიის შენობაზე პლაკატებს აკრავენ და სწორედ ამ ფორმით ცდილობენ პროტესტის გამოხატვას.

გაფიცული ახალგაზრდები "პირველებთან" ამბობენ, რომ პერმანენტულ რეჟიმში არსებული პროტესტი კვლავ უწყვეტად გაგრძელდება და იქამდე არ შეწყდება, სანამ კომპანია თანამშრომლებს ხელფასს არ გაუზრდის და შრომით უფლებებს არ გააუმჯობესებს. 

ამ ხნის განმავლობაში, პროტესტის უამრავ ფორმას მივმართეთ. ეს ფორმა, პლაკატების გაკვრა არის იმისთვის, რომ უფრო თვალსაჩინო გავხადოთ კომპანიის სახე და ყველამ კარგად დაინახოს, რას წარმოადგენს რეალურად ეს კომპანია. 72 დღეა ვაპროტესტებთ და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ პროტესტს იქამდე, სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები", - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული. 

Evolution Georgia-ს თანამშრომლები კომპანიას არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ. მათ უწყვეტი პროტესტი 12 ივლისიდან დაიწყეს და არ აპირებენ შეწყვეტას, მანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. გაფიცულები ითხოვენ ხელფასის 100%-იან ზრდას, ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, სამედიცინო სივრცეს სამუშაო ტერიტორიაზე და სხვა.