აფგან სადიგოვმა იზოლატორში შიმშილობა დაიწყო - როგორია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა
საექსტრადიციო პატიმრობაში გამოკეტილმა აფგან სადიგოვმა შიმშილობა დაიწყო - ალიევის რეჟიმის გამოქცეულმა ჟურნალისტმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც საემიგრაციო სამსახურმა ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა.
აზერბაიჯანში არსებული პოლიტიკური სიტუაციის წინააღმდეგ გალაშქრებული აფგან სადიგოვის მეუღლე, სევინჯ სადიგოვა აცხადებს, რომ ჟურნალისტი შეუძლოდ გრძნობს თავს, ამიტომ ვარაუდობს, რომ მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა, ნებისმიერ წამს დამძიმდეს.
ამასთან, სევინჯ სადიგოვა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს გულგრილობაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ აფგანის საქმე არც ერთ უწყებაში ადეკვატურად არ განუხილავთ.
გუშინ ვნახე ჩემი მეუღლე და საკმაოდ სუსტადაა. შიმშილობა გამოაცხადა პროტესტის ნიშნად. თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებას მისი გაწირვა აქვს გადაწყვეტილი. არც ერთ უწყებაში არ განიხილეს ადეკვატურად აფგანის ქეისი. საემიგრაციო სამსახურმა თქვა, რომ მის საქმეს პოლიტიკური მოტივი არ სდევს. ამ უკიდურეს ზომას ამიტომ მიმართა. თვლის, რომ მას უკანონოდ ექცევიან და არღვევენ მის უფლებებს. ბოლოს ის აზერბაიჯანის ციხეში შიმშილობდა და ამის გამო ეტლში ჩაჯდომა მოუწია იმდენად დაუძლურდა. ახლა შიმშილობის მეორე დღე აქვს და თავს შეუძლოდ გრძნობს. არ გამოვრიცხავ, რომ მისი მდგომარეობა ნებისმიერ დროს დამძიმდეს", - ამბობს სევინჯ სადიგოვა.
შეგახსნებეთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი თბილისში, 3 აგვისტოს დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.