საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციები დაუყოვნებლივ აღარ გასაჯაროვდება

21.09.24 17:46
საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციები დაუყოვნებლივ აღარ გასაჯაროვდება

საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციები დაუყოვნებლივ აღარ გასაჯაროვდება - კანონში ცვლილებების შეტანამდე საჯარო მოხელეების დეკლარაციები შევსებიდან 48 საათში ქვეყნდებოდა საჯაროდ, ამჟამად კი ეს პერიოდი შესაძლოა 2 თვემდეც გაგრძელდეს.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებში აღნიშნულია, რომ თუ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ანტიკორუფციული ბიურო შესაბამის პირს ამ დეკლარაციის წარდგენიდან 1-თვიან პერიოდში მიუთითებს აღნიშნულ ხარვეზზე და მის აღმოსაფხვრელად 1-თვიან ვადას განუსაზღვრავს. აღნიშნული 1-თვიანი პერიოდის ან 1-თვიანი ვადის განმავლობაში ამ დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია.

კანონი საკანონმდებლო მაცნეზე მიმდინარე წლის 12 ივნისს გამოქვეყნდა. სადაც აღნიშნული იყო, რომ მუხლი, რომელიც დეკლარაციის ვადებს ეხებოდა, გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს ამოქმედდებოდა. აღნიშნული ვადა 12 სექტემბერს დასრულდა. ანტიკორუფციული ბიუროს საიტზე ბოლო დეკლარაცია კი 7 სექტემბერს არის ატვირთული.

საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის მეორე დღეს, 29 მაისს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანა. კენჭისყრაში მონაწილეობდნენ და კანონპროექტს მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ 71-მა დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ 9 წევრმა და „ევროპელი სოციალისტების“ ერთმა წარმომადგენელმა.