საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი - "ოქროს თვალის" გამარჯვებული "შაბათის" გუნდის ტელეოპერატორი, გიორგი შეწირული გახდა
"ნოდარ მელაძის შაბათის" გუნდის ტელეოპერატორი მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელი გახდა - ბათუმში, კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალის, "ოქროს თვალის" დაჯილდოების ცერემონიაზე გიორგი შეწირულს პრიზი გადაეცა.
ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორმა ნომინაციაში - საუკეთესო ოპერატორულ ნამუშევარში გაიმარჯვა და ჯილდო მიმდინარე წლის გაზაფხულზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს გადაღებული კადრების გამო მიიღო.
რა არის "ოქროს თვალი"?
- "ოქროს თვალი" კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალია, რომლის მიზანიც ოპერატორებისთვისა და ტელე-კინო ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებისთვის მოტივაციის მიცემა და მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობაა.
- ფესტივალი ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდის (IFIT) პროექტია, რომელიც 2009 წელს, ზურაბ გეგენავამ დააფუძნა.
- "ოქროს თვალზე" წარდგენილ საკონკურსო ნამუშევრებს საერთაშორისო ჟიური აფასებს. გრან-პრი "ოქროს თვალი" კი საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრის ავტორს ენიჭება.