"ოცნების" საჯარო მოხელეები ქონებრივ დეკლარაციებს მალავენ - ოპოზიცია

22.09.24 12:20
"ოცნების" საჯარო მოხელეები ქონებრივ დეკლარაციებს მალავენ - ოპოზიცია

ცვლილებები საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების შესახებ კანონში - ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლება ხალხის ხარჯზე შეძენილი ქონებების დამალვას ცდილობს. "ძლიერი საქართველოს" ლიდერი საბა ბუაძე პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება, რომელიც მესამე სექტორისგან გამჭვირვალობას ითხოვს, თავად არაა გამჭვირვალე. 

სასაცილოა, რომ ეს ხელისუფლება ჩვენ თვეების განმავლობაში გვესაუბრებოდა გამჭვირვალობაზე მაშინ, როდესაც თავად დაკავებულია გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ელემენტალური ინსტრუმენტების განადგურებით. აქამდე თანამდებობის პირების დეკლრაცაიების გამოქვეყნება ხდებოდა შევსებისთანავე. ახლა ეს ვალდებულება არის გამქრალი და 2 თვის განმავლობაში შეიძლება, რომ ეს დეკლარაციები გამოქვეყნდეს, რაც ძალიან კარგად ჩანს, როგორ აწუხებთ მათ დეკლარაციის შევსების ვალდებულება, ვინაიდან არაერთხელ გვინახავს ჩვენ თუნდაც ღარიბაშვილის მაგალითზე, როგორ ხდება  ტყუილების ჩაწერა ამ დეკლარაციაში, როგორ ხდება დანაშაულის ჩადენა დეკლარაციის შევსებასთან მიმართებაში და ახლა ამ ყველაფრის კიდევ უფრო მეტად გაუარსება უნდათ იმისთვის, რომ საზოგადოებამ საერთოდ ვერაფერი ვეღარ გაიგოს, - ამბობს საბა ბუაძე.

"ცვლილებებისთვის" ლიდერი ბესიკ დონაძე კი ამბობს, რომ ყველაფერს ფარდა 26 ოქტომბრის არცევნების შემდეგ აეხდება, როცა ყველა საჯარო მოხელის დამალული ქონება გასაჯაროვდება.  

დეკლარაციების გამოქვეყნებაში პირველი ცვლილება შევიდა 2017 წელს, როდესაც საჯარო მოხელეებს შეეძლოთ, მისი პირველი დეკლარაცია საიდუმლოდ დაეტოვებინათ, მოენიშნათ და ვერ ენახათ და არ ყოფილიყო საჯარო. ვერ ენახა სამოქალაქო სექტორს, საზოგდოებას. ეს არის მეორე ცვლილება. რამდენიც არ უნდა შეცვალონ და რაც არ უნდა მოინდომოს ახლა „ქართულმა ოცნებამ“, არჩევნებამდე დარჩენილია ერთი თვე და ცვლილებების შემდეგ ყველა ის ქონება გასაჯაროვდება, რასაც „ქართული ოცნება“ მალავს. ასე რომ, ტყუილდა ხარჯავენ დროს და ენერგიას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ცდილობენ, რომ დამალონ ქონებაც, ცდილობენ, რომ ყველაფერი იყოს ჩუმად, რომ არ გაიგოს მოსახლეობამ  როგორ გამდიდრდნენ მათ ხარჯზე. ამიტომ, ამ ყველაფერს გამოასწორებს ცვლილებები 26 ოქტომბერს და შესაბამისად, მოსახლეობა და საზოგადოება ძალიან მარტივად გაიგებს შემდეგ მათი მოპარული ქონების შესახებ, - ამბობს ბესიკ დონაძე.

საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციები დაუყოვნებლივ აღარ გასაჯაროვდება - კანონში ცვლილებების შეტანამდე საჯარო მოხელეების დეკლარაციები შევსებიდან 48 საათში ქვეყნდებოდა საჯაროდ, ამჟამად კი ეს პერიოდი შესაძლოა, 2 თვემდეც გაგრძელდეს.