6 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელმაც საკუთარი გერი, შშმ პირი ორი თვის მანძილზე ოთახში გამოკეტა
6 წელი მიუსაჯეს პირს, რომელსაც, პროკურორის განცხადებით, გერი, შშმ პირი ორი თვის მანძილზე ოთახში ჰყავდა გამოკეტილი - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა qartli.ge ავრცელებს.
პროკურორ ოთარ დოხნაძის განცხადებით, მსჯავრდებულს აღარ სურდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მოვლა, რადგან მიაჩნდა, რომ იგი თავისი ოჯახისათვის წარმოადგენდა ზედმეტ ტვირთს.
გერს, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეეძლო გადაადგილება, თავის მოვლა და კვება, თავისუფლება აღუკვეთა და არაადამიანურად ეპყრობოდა.
2022 წლის მარტიდან 5 მაისამდე პერიოდში ჩაკეტილი ჰყავდა სახლის საცხოვრებლად უვარგის, მცირე ზომის ოთახში, რომელშიც დაზარალებულს არ ჰქონდა ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები, არ იყო უზრუნველყოფილი მედიკამენტებით, არ ჰქონდა სათანადო მოვლა და კვება, რის გამოც იგი განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ და ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას'', - აღნიშნა პროკურორმა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს დამატებით დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი.