წარმოუდგენელი ამბავია, მსგავსი პრეცენდენტი არ მახსენდება - დიპლომატი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებაზე

25.09.24 17:30
წარმოუდგენელი ამბავია, მსგავსი პრეცენდენტი არ მახსენდება - დიპლომატი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებაზე

ირაკლი კობახიძის გაუქმებული მიწვევა ბაიდენის მიღებაზე - საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის წევრი, დავით სიხარულიძე მომხდარს წარმოუდგენელ ამბავს უწოდებს და ამბობს, რომ ამერიკა-საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობებში მსგავსი პრეცედენტი არ ახსენდება.

სიხარულიძის თქმით, ეს არის პარტნიორი ქვეყნის რეაქცია "ოცნების" ბოლოდროინდელ ნაბიჯებზე.

''ასეთი რამ ნამდვილად არ მახსენდება, წარმოუდგენელი ამბავია. ყველაზე რთულ პერიოდშიც კი საქართველოს დამოუკიდებლობის და უახლესი ისტორიის, ასეთი რამ მე არ მახსენდება. ყველა ეს ქმედებები, რომელიც იწყება ამ რაღაცა ყბადაღებული, გლობალური ომის პარტიით და ასევე ამ არასამთავრობო ორგანიზაციების დევნით, სამოქალაქო საზოგადოებისთვის ძირის გამოთხრით, ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ეწინააღმდეგება ქართველი ერის მკაფიოდ გამოხატულ ნებას. ერთადერთი, ვის ინტერესშიც შეიძლება ეს იყოს, ეს გახლავთ რუსეთი. ამაზე პარტნიორ ქვეყნებს აქვთ რეაქცია''.- ამბობს დავით სიხარულიძე.

აშშ-შ ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევა გააუქმეს. ინფორმაცია თავდაპირველად „ამერიკის ხმამ” გაავრცელა, მოგვიანებით კი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა. 

ინფორმაცია დაადასტურეს ამერიკის საელჩოშიც  - "პირველებს" საელჩოდან გამოგზავნილ პასუხში უთხრეს, რომ კობახიძეს მიწვევა „მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო" გაუუქმდა.