"ნუ გვანგრევთ" - შუქრუთელების საპროტესტო მსვლელობას მართავენ

26.09.24 20:47
"ნუ გვანგრევთ" - შუქრუთელების საპროტესტო მსვლელობას მართავენ

ამ წუთებში თბილისის ქუჩებში შუქრუთელების საპროტესტო მსვლელობა იმართება - აქციის მონაწილეები პარლამენტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ მიემართებიან.

"ნუ გვანგრევთ, ვითხოვთ სამართლიანობას" - ამ შინაარსის ტრანსფარანტები აქვთ დემონსტრანტებს ადგილზე მიტანილი, რომელთა მთავარი მოთხოვნები ამ დრომდე შეუსრულებელია.

ცნობისთვის, შუქრუთელები უკვე 190 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზისგან" მათთვის მიყენებული ზიანის სამართლიან ანაზღაურებას ითხოვენ. 

კერძოდ, შუქრუთელები ამბობენ, რომ "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები, ამიტომ ისინი ზარალის ადეკვატურ ანაზღაურებას მოითხოვენ, რომელიც სოფელს კომპანიის საქმიანობის შედეგად მიადგა.

უკვე 20 დღეზე მეტია რამდენიმე ადამიანი შიმშილობს, ხოლო 5 მათგანს პირი აქვს ამოკერილი.