ცათამბჯენები ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე - საქალაქო სასამართლოში დღეს პროცესი გაიმართება

27.09.24 11:53
ცათამბჯენები ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე - საქალაქო სასამართლოში დღეს პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს იპოდრომის საქმის განხილვა დაიწყება. პროცესი 13:00 საათზეა ჩანიშნული. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები სასამართლოში ასაჩივრებენ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც შესაძლოა, დედაქალაქში კიდევ ერთი მწვანე სივრცე განადგურდეს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ თუ ეს გეგმა სისრულეში მოვა, ეს იქნება კიდევ ერთი ურბანული გენოციდის ნიმუში და ქალაქის საბოლოოდ ჩაბეტონების მცდელობა. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, მოპასუხე მხარე არა მხოლოდ საკრებულო, არამედ "ქართუ ჯგუფი", მერია და "ვისოლ ჯგუფი" იყოს. 

კალაძე და ივანიშვილს განზრახული აქვთ თბილისში ერთ-ერთი უმწვანესი და უმნიშვნელოვანესი სივრცის განადგურება და ყველამ კარგად ნახა, როგორ გასცეს უზარმაზარი 6 ცათამბჯენის მშენებლობის უფლება იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე, რაც, რასაკვირველია, ჩვენ გავასაჩივრეთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ წინ აღვუდგეთ ამ ქალაქში იმ ურბანულ გენოციდს, რომელიც კალაძის და ივანიშვილის კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარეობს და რომლის პირდაპირი მსხვერპლიც არის თბილისის მოსახლეობა, რომელსაც უნადგურებენ 80 ათას კვადრატულ მეტრზე არსებულ უნიკალურ გატყევებულ ტერიტორიას, - ამბობს „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი საბა ბუაძე. 

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის ნაცვლად 6 77 სართულიანი ცათამჯენის აშენებაა დაგეგმილი, რომლის ნებართვაც დედაქალაქის მერმა გასცა. თავდაპირველად ამ ტერიტორიაზე ბიძნა ივანიშილი ცენტრალური პარკის აშენებას გეგმავდა, თუმცა შემდეგ მან აღნიშნული ადგილი "ვისოლ ჯგუფზე" გაასხვისა.