ყოფილი იპოდრომის საქმე - ვინ შეიძლება ჩაერთოს საქმეში მესამე მხარედ?

27.09.24 15:27
ყოფილი იპოდრომის საქმე - ვინ შეიძლება ჩაერთოს საქმეში მესამე მხარედ?

არა ურბანულ გენოციდს! - საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები საქალაქო სასამართლოში საპროტესტო ბანერებით მივიდნენ. დღევანდელ სხდომაზე იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობის შესახებ მსჯელობდნენ. მომჩივანი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საჭიროა, მშენებელი კომპანიის გარდა, საქმეში მესამე მხარედ თბილისის მერია, "ვისოლ ჯგუფი", ტრასნპორტის და ურბანული განვითარები სააგენტოს და ადგილობრივი მოსახლეობა ჩაერთოს. დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე საჩივრის ავტორების შუამდგომლობას, ცნობილი სამი დღის ვადაში გახდება. 

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი საბა ბუაძე პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება ქალაქში მწვანე სივრცეებს საკუთარი ფინანსური ინტერესების გამო ანადგურებს. 

კალაძის და ივანიშვილის მიერ მიმდინარეობს ამ ქალაქის აოხრება, ურბანული გენოციდი, რომლის მიზანიც არის, რომ ფულის საკეთებლად ამ ქალაქში მოსპონ უკანასკნელი და უმნიშვნელოვანესი მწვანე სივრცეები. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ტერიტორია არის 80 ათასი კვ. მეტრი ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც ივანიშვილმა გაყიდა, მიჰყიდა კალაძესთან დაახლოებულ და დაკავშირებულ „ვისოლ ჯგუფს“. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ მთელი იქ არსებული ტყის მასივი უნდა გაიჩეხოს იმისთვის, რომ ქალაქისთვის არასაჭირო და ძალიან სახიფათო მშენებლობა აწარმოონ, - ამბობს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ბუაძე. 
 

იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ ადგილობრივებიც. 

იპოდრომის ტყისთვის სარეკრეაციო სტატუსის მოშლა და იქ ცათამბჯენების აშენებისთვის მწვანე შუქის ანთება ნიშნავს ჩვენთვის იმ ელემენტარული საცხოვრებელი უფლების წართმევას, რომ გვქონდეს სარეკრეაციო ზონა ჩვენივე ქალაქში, სადაც შევძლებთ, რომ ისედაც ძალიან დატვირთული გარემოდან და ეკოლოგიურად მძიმე ქალაქიდან შევიდეთ და დავისვენოთ, - ამბობს მოქალაქე.