ავტორიზაცია დროებით და დათქმით - სჯის თუ არა ხელისუფლება ილიას უნივერსიტეტს?

27.09.24 15:06
ავტორიზაცია დროებით და დათქმით - სჯის თუ არა ხელისუფლება ილიას უნივერსიტეტს?

იწყებს თუ არა ხელისუფლება ბრძოლას საგანმანათლებო სისტემის წინააღმდეგ? - ექსპერტებს რჩებათ განცდა, რომ ილიას უნივერსიტეტს ხელისუფლება რუსული კანონის გაპროტესტების გამო სჯის.

საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი, კოტე ჩოკორაიას ბევრი კითხვის ნიშანი უჩნდება ავტორიზაციის საბჭოს შეფასებასებასთან დაკავშირებით და ვარაუდობს, რომ ერთი წლის შემდგომ შეიძლება კიდევ უფრო მძიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

უნივერსიტეტმა მიიღო უმაღლესი შეფასება 7-ვე სტანდარტში. ავტორიზაციის სტანდარტები საქართველოში ამ დონეზე არცერთ უნივერსიტეტს არ აქვს დაკმაყოფილებული. ძალიან დიდი კითხვის ნიშნები ჩნდება, როგორ შეიძლებოდა დასაბუთების, დისკუსიის და განხილვის გარეშე, უცებ, ამ დონეზე შეცვლილიყო ავტორიზაციის საბჭოს შეფასება. ბევრი კითხვა ჩნდება, მათ შორის გადაწყვეტილების მოტივზე, იმაზე, რომ ერთი წლის შემდგომ შეიძლება კიდევ უფრო მძიმე გადაწყვეტილება იქნას მიღებული", -ამბობს ჩოკორაია.

რატომ მოხდა ილიას უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის დროებით მინიჭება? - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს წევრი, ლევან მიდოდაშვილი "პირველებთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ამის შესახებ ოქმში იქნება ასახული.

მისი თქმით, არავითარი პოლიტიკური დაკვეთას ადგილი არ ჰქონია და გადაწყვეტილება საბჭოს მიერ დამოუკიდებლად იქნა მიღებული.

მონიტორინგი კი ბატონო, მაგრამ ავტორიზაცია 6 თვით მიენიჭა, ხოლო, რაც შეეხება, თუ რატომ, ეს ყველაფერი ოქმში იქნება ასახული. მსჯელობა იყო საბჭოს სხდომაზე და შეიცვალა გარკვეულ მუხლებში შეთავსებები. ახლა ვერ შემოვალ განხილვაში, გითხარით, ოქმში იქნება ასახული", - ამბობს მიდოდაშვილი. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია პირობებით და დათქმებით მიანიჭეს. უნივერსიტეტი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას პრინციპულად არ ეთანხმება და მას სააპელაციოში გაასაჩივრებს.