წყარო: ილიაუნისთვის გამოტანილი ვერდიქტის დროს ავტორიზაციის საბჭოს მდივანი "ოცნების" სიის წევრი იყო
ვინ არის კაცი, ვინც მხარს უჭერს ილიაუნისთვის ავტორიზაციის პირობებით მიცემას? - საბჭოს წევრებს შორის, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" პარტიული სიის წევრიც იმყოფება.
წყარო "პირველებს" უდასტურებს, რომ სწორედ დავით ლეშკაშელი, რომელიც "ოცნებამ" სიაში ბოლო ნომრად ჩაწერა, ავტორიზაციის საბჭოს მდივანი იყო რეპრესიული გადაწყვეტილების მიღებისას.
დღეს ლექტორებს ეჭვი აღარ ეპარება, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტზე ხელისუფლებამ შურისძიება რუსული კანონის გამო დაიწყო.
ეჭვი მაქვს, რომ ეს უკავშირდება ილიას უნივერსიტეტის პროფესორების პოლიტიკურ პოზიციას. ილიაუნი მდიდარია კომპეტენტური, პრინციპული პროფესორებით, რომლებიც არ ერიდებიან საჯაროდ საკუთარი აზრის გამოთქმას, რაც უნდა იყოს ჩვეულებრივი ფაქტორი, აკადემიურ სივრცეში. მგონია, რომ ეს არის სადამსჯელო აქცია. სიმართლე გითხრათ, არ მიკვირს საბჭოს ეს გადაწყვეტილება, მიკვირს მხოლოდ ის, რომ საბჭოს ის წევრები, ჩემი ყოფილი კოლეგები, მათ თუ ეს დაავალეს, როგორ არ რცხვენიათ ამის გაკეთება. ის, რომ მათ დაავალებდნენ ამას, ეს არ მიკვირს, მაგრამ, ამდენი ხალხი, საბჭო, მთელი შემადგენლობით, რომ ამ დავალებას აყვა, ეს ნამდვილად, ძალიან უხერხულია.
ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტონომიურობა, საკმაოდ, საკამათოა. წლების განმავლობაში, ხარისხის ცენტრის დირექტორის თანამდებობას ითავსებდა მინისტირს მოადგილე და ამჟამინდელი დირექტორიც ყოფილი მოადგილეა", - ამბობს ილიაუნის ლექტორი.
სტუდენტები კი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სახელმწიფო ირიბად იყენებს თავის ძალას, იმისთვის, რომ უნივერისტეტის თავისუფლება შეზღუდოს.
ჩემი, როგორც რიგითი სტუდენტის თვალით, ძალიან ჰგავს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, განსაკუთრებით, მაშინ, როცა გვახსოვს, რომ ილიას უნივერისტეტმა მხარი დაგვიჭირა სტუდენტებს და შესაძლებლობა მოგვცა, რომ გაზაფხულის აქციებზე ვმდგარიყავით პარლამენტის წინ, მოქალაქეების გვერდით, რომ რუსული კანონი გაგვეპროტესტებინა. სამწუხაროდ, ნაწილობრივ, ეს არის რუსული კანონის გავლენებიც. სახელმწიფო ირიბად იყენებს თავის ძალას, იმისთვის, რომ შეზღუდოს უნივერისტეტის თავისუფლება და, განსაკუთრებით, სახიფათოა ეს პროცესი, მასინ როდესაც განათლების სფეროა. ეს აჩენს ცენზურის საშიშროებას", - ამბობს სტუდენტი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია პირობებით და დათქმებით მიანიჭეს. უნივერსიტეტი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას პრინციპულად არ ეთანხმება და მას სააპელაციოში გაასაჩივრებს.