მრავალი წელია თსუ-ში ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას... დღეს გავარკვიე, რომ ცხრილში ჩემი სახელი აღარ არის - დიმიტრი საძაგლიშვილი

27.09.24 20:45
მრავალი წელია თსუ-ში ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას... დღეს გავარკვიე, რომ ცხრილში ჩემი სახელი აღარ არის - დიმიტრი საძაგლიშვილი

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულმა ფაკულტეტმა მასთან პედაგოგიური საქმიანობა გაფრთხილების გარეშე შეწყვიტა.

როგორც დიმიტრი საძაგლიშვილი იტყობინება, მისი სახელი და გვარი შესაბამის ცხრილში აღარ იძებნება.

ადვოკატი მომხდარს ირაკლი კობახიძის განცხადებას უკავშირებს, რომელმაც საძაგლიშვილის განმარტებით, რუსული კანონის მიღების გამო სტუდენტების გაფიცვის დროს თქვა, რომ "აკადემიურ პერსონალში წმენდა იყო ჩასატარებელი".

მრავალი წელია თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას. დღეს შემთხვევით გავარკვიე რომ ცხრილში ჩემი სახელი აღარ არის შეტანილი, ანუ ფაკულტეტმა არ ისურვა ჩემთან ურთიერთობის გაგრძელება, ისე რომ ჩემთვის არაფერი უთქვამთ საერთოდ. გახსოვთ ალბათ, რუსული კანონის მიღების გამო სტუდენტების გაფიცვისას, კობახიძის (თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე) მუქარა, თსუ-ს აკადემიურ პერსონალში წმენდაა ჩასატარებელიო, ხოდა დაუწყიათ მუქარის ასრულება.

გულწრფელად რომ ვთქვა, ძალიან დამწყდა გული, რადგან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა სტუდენტებთან ურთიერთობა, ბევრთან დავმეგობრდი კიდეც. განსაკუთრებით აღმაფრთოვანა გაზაფხულზე, ორი კვირის განმავლობაში სტუდენტების ერთსულოვანმა პროტესტმა (გაფიცვა). ძალიან გონიერი და ღირსეული ახალგაზრდები გვყვავს, ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში სწორად შეაფასეს მმართველი რეჟიმის მოღალატეობრივი ქმედებები და დარწმუნებული ვარ სათანადო დასკვნაც გააკეთეს - 26 ოქტომბერს რუსული რეჟიმი უნდა ჩამოვაშოროთ ძალაუფლებას. ნამდვილად ვიმსახურებთ ქართველები ევროკავშირში ბედნიერ მომავალს და ეჭვი არ მეპარება, რომ ასეც იქნება", - წერს დიტო საძაგლიშვილი.