კიდევ უფრო მიმძაფრდება ეჭვი, რომ ეს რეალურად ძარცვა არ იყო - ეკა მიშველაძე

16.08.21 13:04
კიდევ უფრო მიმძაფრდება ეჭვი, რომ ეს რეალურად ძარცვა არ იყო - ეკა მიშველაძე

თითქმის ორი საათის განმავლობაში იკითხებოდა ჟურნალისტი ეკა მიშველაძე. ,,ტვ პირველის" ტელეწამყვანმა პოლიციის განყოფილება ცოტა ხნის წინ დატოვა. ის საპროცესო მოქმედებაზე შვილებთან ერთად დაიბარეს. ჟურნალისტი აცხადებს, რომ ძარცვა შესაძლოა, მიზნად მისი აქტიური ჟურნალისტური საქმიანობისგან ჩამოშორებას ისახავდეს.

კიდევ უფრო მიმძაფრდება ეჭვი, რომ ეს რეალურად ძარცვა არ იყო, რადაგან სახლში იყო იმდენი ნივთი, რომლის წაღება მძარცველს შეეძლო და ხელი არაფრისთვის არა აქვს მოკიდებული. შესაძლოა, ეს იყოს ჟურნალისტების ბოლო დროინდელი აქტივობიდან, ჩემი აქტივობიდან დაშინების მცდელობა, ეს არის უკიდურესი სიმდაბლე - ამბობს ეკა მიშველაძე.

უკვე მეორე დღეა, რაც შსს ცდილობს, დაადგინოს, ვინ შეიჭრა ჟურნალისტის საცხოვრებელ ბინაში. ეკა მიშველაძე გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და საჭიროების შემთხვევაში გამოკითხვაზე კვლავ მივიდეს. 

საქმე ეხება დოლიძის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს და ჟურნალისტის საცხოვრებელი სახლის ძარცვას. შემთხვევა გუშინ მოხდა. წაღებულია მხოლოდ კომპიუტერული ტექნიკა.

პოლიცია ჯერ სავარაუდო დამნაშავის კვალზე არ გასულა.