ოჯახური ძალადობა შიდა ქართლში - 22 წლის ქალი "ტვ პირველთან" უმძიმეს დეტალებზე საუბრობს

16.08.21 13:31
ოჯახური ძალადობა შიდა ქართლში - 22 წლის ქალი "ტვ პირველთან" უმძიმეს დეტალებზე საუბრობს

ოჯახური ძალადობა შიდა ქართლში - 22 წლის ქალი დუმილს ტვ პირველთან არღვევს. ახალგაზრდა ქალი ჰყვება, რომ ქმარი ტანსაცმლის საკიდით სისტემატიურად სცემდა. 

ოჯახური ძალადობის რამდენიმე ეპიზოდის შესახებ ინფორმაცია აქვს პოლიციასაც, თუმცა დამნაშავე ამ დრომდე თავისუფალია, მამაკაცს მხოლოდ შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს და წინასწარი დაკავების იზოლატორი 3 000 ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დაატოვებინეს. 

მსხვერპლ ქალს ჩაუტარდა ექსპერტიზა. დადასტურდა, რომ მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. თუმცა დაშავებულის ოჯახი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უმოქმედოა. 

მეტიც, მათი თქმით, 30 წლის, სავარაუდო მოძალადე "ქართული ოცნების" წევრია და სწორედ ამიტომ მუხრანის პოლიციის უფროსმა ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალს ჩვენება არასწორად ჩამოართვა, რომ სავარაუდო მოძალადეს ბრალი არ დამძიმებოდა. 

ორი წელი ჯოჯოხეთში ვცხოვრობდი, სულ მირტყამდნენ. დედამთილი ეუბნებოდა ჩემს ქმარს - არ გაათამამო, თავზე დაგაჯდებაო. ბოლო შემთხვევა სალონს უკავშირდება. წარბის გასაკეთებლად გამომიშვა ქმარმა. რომ მოვედი, მცემა. დაჟეჟილობები და სისხლჩაქცევები მაქვს სისტემატიური ცემისგან. ხელებზე, ფეხებზე სახეში, ყველგან მირტყამდა ხან ლარნაკს, ხან ტანსაცმლის საკიდს. 

2 წელი ვითმენდი, არ მინდოდა, ოჯახი დამენგრია, თუმცა მეტს ვეღარ გაუძელი. მინდა, დაიჭირონ. მეშინია. არ ვიცი, რატომ არ გვაქცევენ ყურადღებას სამართალდამცავები. რადგან გავლენიანი ოჯახიდან არ ვარ, პოლიცია ჩემი საკითხით არ უნდა დაინტერესდეს?!,- აცხადებს სავარაუდო დაზარალებული.