როგორ აშავებს პროპაგანდა დედას, რომელსაც შვილები დაეწვა

28.09.24 22:15
როგორ აშავებს პროპაგანდა დედას, რომელსაც შვილები დაეწვა

სისტემა ჭირისუფლის წინააღმდეგ - როგორ აშავებს პროპაგანდის მანქანა ჭორებით შვილმკვდარ დედას, რომელსაც ტყუპები ცოცხლად დაეწვა. 

ქალს, რომელსაც ტყუპები ცოცხლად დაეწვა, ახლა სოციალურ დახმარებას უმცირებენ. 

34 წლის ქრისტინე ტყუპებს გლოვობს. შვილებს, რომლებიც ზუგდიდში, ბუკიას ქუჩის ხუთ ნომერში დატრიალებულმა ტრაგედიამ იმსხვერპლა.

"50 ლარი მქონდა შუქის გადასახდელი. ელექტრიკს ვთხოვეთ, არ გადაჭრა. დილით  ჩავრიცხავთქო, არა, არ მაქვს უფლებაო. არაფრით შუქი არ ჩაგვირთეს. რა მოხდებოდა ერთი ღამით ჩაერთოთ, 50 ლარმა შეიწირა ჩემი შვილები"- ამბობს ჭირისუფალი. 

უშუქოოდ დარჩენილი სოციალურად დაუცველები, ნაქირავებ სახლში ღამით სიბნელეში რომ არ ყრილიყვნენ, სანთელი ენთო, 13 აგვისტოს სავარაუდოდ სანთლიდან ცეცხლი გაჩნდა და ბინაში მყოფი ოთხი ბავშვიდან ორი ცოცხლად დაიწვა.

წელს სკოლაში შედიოდნენ, გახარებული იყვნენ. კარგად ვისწავლით შენ რომ გული გაწუხებს, ექიმები გამოვალთ და გადაგარჩენთო... თხილში ვმუშაობდი მეორე დღეს ფული უნდა ამეღო. შაურმა უნდოდათ, გიყიდთქო შევპირდი, ვერ შევასრულე. იმ საღამოს დამთავრდა ყველაფერი"- ამბობს 34 წლის დედა. 

ქალი ამბობს, რომ მისი შვილები 15 წუთის განმავლობაში შველას ითხოვდნენ, თუმცა დახმარება დაგვიანდა. 

აივანზე 15 წუთი შველას ითხოვდნენ ჩახუტებულები. როგორ არავინ გამოჩნდა. შეეძლოთ ჩემს შვილებს დახმარებოდნენ, მაგრამ ხელი არ გაანძრიეს. ძირში იდგნენ და ვიდეოს იღებდნენ.  ენები აქვთ გადაფენილი ასე და ისეო, ჩემზე მეტად უყვარდა ვინმეს ჩემი შვილები?"- აცხადებს ქრისტინე. 

დედა იმ ღამეს არასრულწლოვან ბავშვებთან არ ყოფილა. ქრისტინე ამბობს, რომ მუშაობდა, თხილს არჩევდა. ყოველ რვა საათში - 50 ლარს უხდიდნენ. იმ ღამესაც იფიქრა, რომ თუ დიდხანს იმუშავებდა კომუნალურის გადასახდელი ფულის გარდა მცირეოდენ თანხას  საკვებისთვის  გამოიმუშავებდა.

ტელეფონი უფროს შვილს მეექვსეკლასელ ნინის დაუტოვა. მაგრამ როცა ღამით მობილურზე გადარეკა ტელეფონი გათიშული იყო.  

ცეცხლი ბუკიას ქუჩის ხუთ ნომერში, მეექვსე სართულზე  დაახლოებით ღამის პირველ საათზე გაჩნდა. სახანძროში მეზობლებმა დარეკეს, მაგრამ სამაშველო სამსახურები როგორც ადგილობრივები ამბობენ, ერთი საათი არ მისულან. ტყუპები - გაბრიელი და გიორგი კი რომლებიც ამ დროს აივანზე განწირული ხმით ყვიროდნენ გადმოხტომასაც კი ვერ ახერხებდნენ, რადგან აივნის მოაჯის ვერ სწვდებოდნენ.  

სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ ოჯახის 1500 ლარს უხდია, ამ ფულთ უნდა ეხადათ ბინის ქირა, კომუნალური გადასახადები, ერჩინა ოთხი შვილი და თავად. 

ბავშვების მშობლები დაშორებული არიან, მამა ციხეშია, ამიტომ ნინის და საბას ერთადერთი მეურვე  ახლა 34 წლის ქრისტინეა. ოჯახი  ღია ცის ქვეშაა დარჩენილი. შვილების სიკვდილის შემდეგ ქრისტინე ზუგდიდად წავიდა და აჭარაში ძმასთან ცხოვრობს დროებით. შვილებიც ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში დაკრძალეს, ამიტომ მათთვის ფონდი შეცვალე სიყვარულით თანხას აგროვებს, რომ სახლი უყიდოს. 

1500 ლარიანი დახმარება გაბუნიებს შეუმცირდათ, რადგან სოციალურად დაუცველ ოჯახს ორი წევრი გამოაკლდა.  

როგორ აშავებს  პროპაგანდა დედას, რომელსაც შვილები დაეწვა - ნატა ქაჯაიას სპეციალური რეპორტაჟი