შსს დაქტილოსკოპიურ მოწყობილობებს ისევ ბელორუსიდან ყიდულობს - ოპოზიცია საფრთხეებზე საუბრობს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბელორუსიდან დაქტილოსკოპიური მოწყობილობების ჩამოტანას განაგრძობს. ეს არის ე.წ სკანერები, თითის ანაბეჭდით ადამიანის იდენტიფიცირებისთვის საჭირო აპაარატურა, რომელიც საქართველოს საზღვრებზეა დამონტაჟებული.
დოკუმენტის თანახმად, პროგრამის გაახლება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მოხდეს.
კორუფციის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ბელორუსის კომპანიასთან ხელშეკრულება საპატრულო პოლიციამ გააფორმა. თბილისში საფრთხეებზე ალაპარაკდნენ. არსებობს რისკი, რომ ბელორუსიდან ჩამოტანილი მოწყობილობების დახმარებით მტერი სახელმწიფოს, რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოს მოქალაქეების პირად ინფორმაციიაზე წვდომას მიიღებენ.
შსს, საპატრულო პოლიცია კვლავ აგრძელებს ურთიერთობას ბელორუსულ კომპანიასთან. ბელორუსული კომპანია უზრუნველყოფს პროგრამულად ჩვენს ე.წ. დაქტილოსკოპიურ ინფორმაციას, ეს არის თითის ანაბეჭდები. პროგრამა არის დამონტაჟებული საბაჟოზე და აქ არის საფრთხე, რომ როგორც ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც საზღვრებს ტოვებენ და ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის, ევროკავშირის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში შემოდიან ტურისტული მიზნებით ან ნებისმიერი სხვა მიზნით, ამათი მონაცემები შესაძლებელია, ძალიან მარტივად მოხვდეს ბელორუსის კგბ-ს ხელში და შესაბამისად, ეს ინფორმაციები მოხვდება რუსეთის ხელში. ამიტომ, ეს არის ძალიან დიდი საფრთხე და ეს საფრთხე ვაჟა სირაძემ ჯერ ვერ გაიაზრა. უფორ სწორად, არ გაიაზრა, რადგან „ქართული ოცნება“ არის რუსული ოცნება, - ამბობს "ცვლილბებისთვი" წევრი ბესიკ დონაძე.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის საბა ბუაძის თქმით, ფაქტი ცხადყოფს, რომ "ქართული ოცნება" რუსეთის ინტერესების გამტარებელი ხელისუფლებაა.
სრულიად ამოყირავებულია მთელი სისტემა და ხელისუფლებას მიაჩნია მიზანშეწონილად, რომ სანქცირებულ ბელორუსულ კომპანიასთან გააფორმოს ხელშეკრულება და მისგან შეიძინოს ძალიან სენსიტიური ტიპის დანადგარები, რაც, თავისთავად, არის კიდევ ერთხელ იმის აღიარება, რომ ეს ხელისუფლება ემსახურება რუსეთის ინტერესებს საქართველოში, - ამბობს საბა ბუაძე.
"პირველები" ინფორმაციის მოპოვებას შსს-დან შეეცადა, თუმცა უწყებაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.