რეკომენდაციების დარღვევის გამო შრომის ინსპექციის სამსახურმა 15-მდე ობიექტი დალუქა

16.08.21 14:49
რეკომენდაციების დარღვევის გამო შრომის ინსპექციის სამსახურმა 15-მდე ობიექტი დალუქა

10 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, შრომის ინსპექციამ სხვა ზედამხედველ უწყებებთან ერთად 15-მდე ობიექტი დალუქა, 30 ფიზიკური და იურიდიული პირი კი დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაცია შრომის ინსპექციის სამსახურმა  გამოაქვეყნა.

საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებით აკრძალული საქმიანობის განხორციელებისა და რეკომენდაციების დარღვევის საფუძვლით, უშუალოდ შრომის ინსპექციის სამსახურმა 30 ეკონომიკური ობიექტი დააჯარიმა. 18 იურიდიულ პირს 10 000 ხოლო 12 ფიზიკურ პირს - 2 000 ლარის ოდენობის სანქცია დაეკისრა. დაილუქა 13 ობიექტი.
 ქვეყნის მასშტაბით სულ 2391 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება განხორციელდა. გაიცა 2142 წერილობითი და 249 სიტყვიერი გაფრთხილება:
თბილისში - 499, იმერეთში - 403, აჭარაში - 198, გურიაში - 95, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 766, კახეთში - 70, სამცხე-ჯავახეთში - 113, მცხეთა-მთიანეთში - 9, ქვემო ქართლში - 210, შიდა ქართლში - 71.
კოვიდ რეგულაციების დაცვაზე მონიტორინგის პროცესში შრომის ინსპექციასთან ერთად ჩართულია მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები, სურსათის ეროვნული სააგენტო, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.