სასტიკი მკვლელობა საბურთალოზე - ბრალდებულთა წრე შეიძლება გაიზარდოს

30.09.24 17:59
სასტიკი მკვლელობა საბურთალოზე - ბრალდებულთა წრე შეიძლება გაიზარდოს

კონსერვატორიის სტუდენტის, 23 წლის გიორგი საყურაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მირიან თოხაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, მირიან თოხაძემ დანაშაული ალკოჰოლური თრობის ქვეშ ჩაიდინა. საქმის მასალების თანახმად, 23 წლის გიორგი საყურაშვილი ქუჩურ გარჩევაში არ მონაწილეობდა, ის დაპირისპირებულ მხარეებს აშველებდა, თუმცა დგინდება, რომ თოხაძეს ის მოწინააღმდეგე ეგონა და დანა გულ მკერდის არეში ამის გამო ჩაარტყა.

გარდა ამისა პროკურორმა დღეს მოსამართლეს უთხრა, რომ ბრალდებული ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისკენაა მიდრეკილი.

საქმის პროკურორის, გია შაიშმელაშვილის განცხადებით, თოხაძე წარსულში, საკუთარი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვისაა მსჯავრდებული.

შაიშმელაშვილის განმარტებით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ თოხაძე მიიმალა და პოლიციის მიერ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. 

„სახეზე გვაქვს პატარა ბიჭის მკვლელობა არაფრის გამო. მან საფრთხე შეუქმნა საქმეზე არსებულ ნივთიერ მტკიცებულებებს, ის დანაშაულის ჩადენის შემდეგ დანასთან ერთად მიიმალა. რომ არა პოლიციის ოპერატიული ქმედება, შარტავას ქუჩაზე, მერიის წინ მისი შეჩერება და მის მიმართ ჩატარებული ჩხრეკა, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა არ გვექნებოდა",- განაცხადა შაიშმელაშვილმა.

პროკურორმა არ გამორიცხა, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.