ოკუპანტებმა ვალია ვანიშვილის სახლთან მავთულხლართები აამაღლეს

16.08.21 16:29
ოკუპანტებმა ვალია ვანიშვილის სახლთან მავთულხლართები აამაღლეს

რუსი ოკუპანტები სოფელ ხურვალეთში ისევ გამოჩნდნენ. მათ საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი ვალია ვანიშვილის სახლის წინ გაბმული მავთულხლათები აამაღლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ავრცელებს.

დავით ქაცარავა ამბობს, რომ ადგილზე მოძრაობის წევრები პერიოდულად ჩადიან და ვალია ბებოს პროდუქტებს აწვდიან, თუმცა დღეს აღმოაჩინეს, რომ ღობე განახლებული და ამაღლებულია. 
ოკუპანტების მიერ მავთულხლართების დამატების ფაქტს თავად ვალია ვანიშვილიც ადასტურებს. მისი თქმით, გუშინ საოკუპაციო ძალებმა ადგილზე მავთულები და კიბე მიიტანეს და ღობის განახლებას შეუდგნენ. 

ვალია ვანიშვილი ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ ქცეული დათა ვანიშვილის მეუღლეა. დათა პაპა 19 მარტს გარდაიცვალა.  ვალია ვანიშვილმა  მეუღლის დაკრძალვის დღეს თქვა, რომ ქმრის ანდერძს შეასრულებს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ სახლს არ მიატოვებს.