შესაძლოა, ისრაელმა მიზნად ამოიღოს ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები და ბირთვული პროგრამაც - ბატიაშვილი
ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი ვარაუდობს, რომ 1 ოქტომბერს, ირანის მიერ ისრაელის ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვას, ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან საპასუხო იერიში აუცილებლად მოყვება.
ზურაბ ბატიაშვილი ვერ ასახელებს კონკრეტულ თარიღს, თუ როდის განახორციელებს ისრაელი საპასუხო თავდასხმას, თუმცა არ გამორიცხავს, რომ პროცესები უახლოეს მომავალში განვითარდება.
ამასთან, ანალიტიკოსი ეჭვობს, რომ ისრაელი მიზანში, სავარაუდოდ, ირანის ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურას, სამხედრო ობიექტებს და ბირთვულ პროგრამას ამოიღებს.
ისრაელი პასუხის გარეშე ამას ვერ დატოვებს და მოსალოდნელი არის პასუხი და მიზანში იქნება ამოღებული, სავარაუდოდ, ნავთობგადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა, ასევე ქარხნები, პორტები და იქნება სამხედრო სამიზნეებიც, რა თქმა უნდა, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემები. შეიძლება იყოს ბირთვული პროგრამაც", - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი.
პირველ ოქტომბერს ირანმა ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით შეტევა დაიწყო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით , ირანმა ისრაელს 180-დან 200-მდე რაკეტა ესროლა.