კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა. 26 წლის ბექა ჯაიანის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოთავსების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა.
აღნიშნული ექსპერტიზით უნდა დადგინდეს მკვლელობის ჩადენის მომენტში ბრალდებული იმყოფებოდა თუ არა შერაცხად მდგომარეობაში.
თუ დადგინდება, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ბექა ჯაიანი შეურაცხადი იყო, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ ის ციხის ნაცვლად, კლინიკაში გაუშვან.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა ბრალდებულ ბექა ჯაიანის ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მოთავსებასთან დაკავშირებით. ამ გამოძიების ფარგლებში, გამომძიებლის მიერ დანიშნული იქნა სასამართლოს სტაციონარული ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დასადგენად იმისა, დანაშაულებრივი ქმედების დროს, რამდენად შერაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა და იმყოფებოდა თუ არა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ბრალდებული.
აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით. შუამდგომლობა იყო დასაბუთებული და სასამართლომ დააკმაყოფილა და შესაბამისად, ის მოთავსდება სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის ჩატარების მიზნით.
ისეთი კატეგორიის შინაარსსა და სპეციფიკის დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, როგორიც არის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეები, ყველა საქმეზე ინიშნება სასამართლოს სტაციონარული ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და ბუნებრივია, ამ სისხლის სამართლის საქმეზეც მოხდა აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარება. რაც შეეხება შედეგებს, ეს უკვე ექსპერტიზაზეა დამოკიდებული", - ამბობს პროკურორი გრიგოლ ნიშნიანიძე.
დღევანდელ სასამართლო პროცესს თავად ბრალდებული ბექა ჯაიანიც ესწრებოდა.
კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 7 ნოემბერს არის ჩანიშნული და როგორც დღეს "პირველებთან" ბექა ჯაიანის უფლებადამცველმა დააანონსა, ბრალდებული სწორედ შემდეგ სასამართლო სხდომაზე დაარღვევს დუმილს.
შეგახსენებთ, რომ ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში 18 სექტემბერს მოკლეს. მას სხეულზე დანით 28 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი პარტნიორი ბექა ჯაიანია დაკავებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.