ემიგრანტები ხმის მიცემის უფლების გარეშე - საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 2 516 პირი საერთო სიაში ვერ მოხვდა
საქართველოს ათობით მოქალაქეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეზღუდება - სადამკვირვებლო მისიის, "ჩემი ხმის" წევრებმა შეაგროვეს ფაქტები და დაადგინეს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცესკოს 68 024 ამომრჩევლის სია გადასცა, თუმცა დამუშავების შემდეგ, ცესკომ საერთო სიაში 65 508 ამომრჩეველი შეიყვანა.
სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვაზე ისაუბრა და როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კონკრეტული კითხვებით მიმართა.
კერძოდ, ლონდა თოლორაია საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვს, პასუხი გასცეს კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზეზების გამო ვერ მოხვდა საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს 2 516 მოქალაქე ერთიან სიაში.
ამასთან, მესამე სექტორის წარმომადგენელი ცესკოს მოუწოდებს, რომ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით დაუყოვნებლივ შექმნას და აამუშაოს საკომუნიკაციო ცხელი ხაზი, რომელიც ქართველი ემიგრანტებისთვის ეფექტური იქნება.
მივმართავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაასაჯაროოს შემდეგი ინფორმაცია, საქართველოს რამდენი მოქალაქე იდგა საკონსულო აღრიცხვაზე 2024 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით და მათგან საქართველოს რამდენი სრულწლოვანი მოქალაქის მონაცემი გადასცა ცესკოს.
გამოაქვეყნოს დეტალური ინფორმაცია, რა მიზეზების გამო არ, ან ვერ მოხვდა საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე ცესკოსთვის გადაცემულ სიაში. რა მიზეზებით ამორიცხა 2 516 პირი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მისთვის გადაცემული სიიდან.
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცესკოს გადასცა 68 024 ამომრჩევლის სია, ხოლო ცესკომ დამუშავების შემდგომ სიაში შეიყვანა 65 508 ამომრჩეველი.
მოვუწოდებთ ცესკოს, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით, დაუყოვნებლივ შექმნას და აამუშაოს საკომუნიკაციო ეფექტური ცხელი ხაზი საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.