უკანონო გადაწყვეტილების უკან წაღების შემდეგ, ვაგრძელებთ არჩევნების დაკვირვებას - TI

04.10.24 12:49
უკანონო გადაწყვეტილების უკან წაღების შემდეგ, ვაგრძელებთ არჩევნების დაკვირვებას - TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა" და მისი აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება  სპეციალური სტატუსის მინიჭების შესახებ  გაუქმებულია.

ამის შესახებ ოფიციალური შეტყობინება არასამთავრობო ორგანიზაციამ ანტიკორუფციული ბიუროსგან უკვე მიიღო.

ორგანიზაციის ცნობით, უკანონო გადაწყვეტილების უკან წაღების შემდეგ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” სახელით გააგრძელებენ.

ანტიკორუფციულმა ბიურომ 4 ოქტომბერს ოფიციალურად გვაცნობა, რომ მისმა უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა გააუქმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა" და მისი აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება სპეციალური სტატუსის მინიჭების შესახებ. შესაბამისად, ორგანიზაციას და მის დირექტორს მოხსნილი აქვთ სტატუსი, რაც ხელს უშლიდა არჩევნების დაკვირვებას. ამ გადაწყვეტილებით გაუქმდა  ყველა ის ვალდებულება, რომელიც სპეციალური სტატუსიდან გამომდინარე უკანონოდ დაგვეკისრა.

უკანონო გადაწყვეტილების უკან წაღების შემდეგ, ვაგრძელებთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” სახელით."- ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.