ხმაური 83 -ე სკოლასთან - მშობლები და მოსწავლეები დაუმთავრებელ მშენებლობას აპროტესტებენ

04.10.24 15:54
ხმაური 83 -ე სკოლასთან - მშობლები და მოსწავლეები დაუმთავრებელ მშენებლობას აპროტესტებენ

83-ე საჯარო სკოლასთან, სკოლის მოსწავლეები და მშობლები შეიკრიბენენ, რომლებიც დაუმთავრებელ მშენებლობას აპროტესტებენ.

ეს ის სკოლაა, რომელიც სარეაბილიტაციო პროექტში მოყვა და წესით ახალი შენობა უნდა აეშენებინათ, სადაც მოსწავლეები განათლებას მიიღებდნენ.

შენობის ნაცვლად  უკვე ოთხი წელია ადგილზე ნანგრევებია. მოზარდებს კი განათლების მიღება სახლებისგან მოშორებით, სხვა სკოლებში უწევთ, რაც დამატებით პრობლემებსაც ქმნის.

მშობლების ინფორმაციით, მათ შვილებს გაკვეთილები ზოგჯერ სპორტდარბაზში და დერეფანშიც უტარდებათ, რადგან იმ სკოლებში, სადაც გადაანაწილეს, ადგილი არ ჰყოფნით. 

სწავლობენ ბავშვები მეორე ცვლაში, 8 საათზე უმთავრდებათ სწავლა, უტარდებათ 40 წუთიანი გაკვეთილები, რადგან დრო არ ჰყოფნით. სხვაგან, წრეებზე სიარულს ვერ ახერხებენ. ადგილი არ არის და მასწავლებლების ნაწილი დერეფანში, ნაწილი კი ბუფეტში ატარებს გაკვეთილებს“, - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

მშობლების ინფორმაციით, მე-10 კლასიდან ბავშვები ჰიბრიდულ სწავლებაზე არიან გადასულები, რაც დიდ პრობლემას ქმნის სრულყოფილი განათლების მიღებაში.

როგორც შეკრებილები ამბობენ, მათ ინფორმაციის მიღება, თუ როდის დასრულდება სკოლის მშენებლობა, იუსტიციის სამინისტროში სცადეს, თუმცა მათ მერიაში გადაამისამართეს, საიდანც გაირკვა, რომ პასუხისმგებელი კომპანია „დაგია“, რომელიც ნებართვას მერიიდან ელოდება.

მეხუთე წელიწადია სკოლა აშენებული არ არის და ნებართვა თუ არ არის გაცემული, აბა ის გალავანი, რომელიც ტერიტორიას კაპიტალურად აქვს შემოვლებული, უნებართვოდ როგორ გაკეთდა“,- ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

ადგილზე შეკრებილები სკოლის დირექტორის და მერიის წარმომადგენლის მისვლას ითხოვენ, რათა მათგან მიიღონ პასუხი, თუ როდის აშენდება სკოლა.