ჟურნალისტური გამოძიება: პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი FBI-სთან გარიგებას ცდილობდა
პუტინის კარის უმდიდრესი ბიზნესმენი FBI-სთან გარიგებას ცდილობდა - საერთაშორისო მედია მიხეილ გუცერიევის შესახებ სტატიებით აჭრელებულია. ირკვევა, რომ რუსი ბიზნესმენი, სანქციებისგან თავის დაღწევის სანაცვლოდ "ეფ ბი აის" პუტინისა და ლუკაშენკოს გეგმების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთავაზობდა.
პირველი ჟურნალისტური გამოძიება ჩეხურმა მედიამ ჩაატარა და ამ შეთანხმების შესახებ ყველა დეტალი, სწორედ მან გათქვა.
ირკვევა, რომ რუსეთში ერთ-ერთი მსხვილი ჯგუფის მფლობელი გუცერიევი 2022 წელს ორჯერ შეხვდა დასავლეთის დაზვერვის წარმომადგენლებს. "ეფ ფი აისა" და პუტინზე განაწყენებულ ოლიგარქს შორის შეხვედრა კი ეროვნებით ქართველმა პოლიციელმა დააორგანიზა, რომელიც ბოლო წლებში ჩეხეთში პოლიციელად მუშაობდა. მედიის ცნობით, პილიციელი ბოლოს ორმაგი აგენტი აღმოჩნდა. მედიის ინფორმაციით, სწორედ მან გააფრთხილა ქართველი ბიზნესმენები ჩეხეთში, რომ შავი ფულის ძიება იყო დაწყებული.
სკანდალურ სტატიაზე ახლა ბევრს საუბრობენ დასავლურ მედიაში და ყველა მიანიშნებს, რომ რუსი ოლიგარქები გადარჩენის გზებს ეძებენ.
ოლიგარქი მიხეილ გუცერიევი დასავლელ დაზვერვის ოფიცრებს შეხვდა, რათა მათთვის ინფორმაცია მიეწოდებინა ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს გეგმების შესახებ. რუსი ბიზნესმენი სანქციების მოხსნას ითხოვდა ინფორმაციის გაცვლის სანაცვლოდ. გუცერიევი ორჯერ შეხვდა FBI-ს თანამშრომლებს და ჩეხეთის დაზვერვას. ორივე შეხვედრა 2022 წელს შედგა. ისინი დააორგანიზა რუსულენოვანი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ჩეხეთის ელიტური ქვედანაყოფის თანამშრომელმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება. თანამშრომელი ინიციალებით ლ.გ. რომელმაც გუცერიევი დასავლურ სადაზვერვო სამსახურებს დაუკავშირა, რეალურად საქართველოდანაა", - წერს ჩეხური მედია სტატიაში.
საქართველოში, ექსპერტები პუტინის მმართველობის სისტემის ჩამოშლაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ დასავლეთთან კავშირის დამყარებას და სანქციების მოშორებას აქამდეც არაერთი რუსი ოლიგარქი ცდილობდა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის და ომის დაწყების შემდეგ, ჩვენ ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როცა რუსი ოლიგარქები ცდილობდნენ დასავლეთთან კავშირის დამყარებას და სანქციების მოშორებას გარკვეული ინფორმაციების სანაცვლოდ, ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი, ერთის მხრივ სანქციების ეფექტიანობის, რომელსაც რუსი ოლიგარქებიც კი გაურბიან, მეორეს მხრივ კი ეს გვაჩვენებს, პუტინის რეჟიმის სისუსტეს, იქიდან გამომდინარე, რომ რუსი ოლიგარქები ყოველთვის იყვნენ პუტინის რეჟიმის მთავარი დასაყრდენები. მიუხედავად მათი რთული ურთიერთობებისა, ყოველთვის რეჟიმს აძლიერებდნენ. როგორც ჩანს, ჩვენ ვხედავთ ამ რეჟიმის და რუსული მმართველობის სისტემის ნელ-ნელა ჩამოშლას", - ამბობს გიორგი მელაშვილი.