თავდასხმაში მხილებული პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი ამ დრომდე არ დამდგარა

04.10.24 17:53
თავდასხმაში მხილებული პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი ამ დრომდე არ დამდგარა

დაუსჯელი მოძალადეები და თაროზე შემოდებული საქმეები - ძალადობაში მხილებული სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგში არ დგება. რუსული კანონის მოწინააღმდეგე ადამიანები, რომლებსაც აპრილსა და მაისში სასტიკად გაუსწორდნენ, სამართლიანობის აღდგენას ამ დრომდე ითხოვენ.

დაახლოებით 4 თვის წინ სამართალდამცველების მხრიდან სისხლიანი ანგარიშსწორების მსხვერპლი კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილიც გახდა, რომელიც "პირველებთან" საუბრის დროს აცხადებს, რომ მიუხედავად არაერთი თვის გასვლისა, მასზე მოძალადე პირები არც კი დაუკითხავთ.

მეტიც, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, მედიასაშუალებების მიერ გადაღებული კადრების დახმარებით, მასზე თავდასხმაში პირების იდენტიფიცირება მოახდინა და გაარკვია, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანი, ზაქრო ჩოხელია, რომელსაც უფლებამოსილება არც კი შეუჩერეს. 

არავინ არ დაუკითხავთ, ვინაობაც ვერ დაადგინეს. დაკავებასა და ბრალის წარდგენაზე ხომ საერთოდ საუბარი ზედმეტია. არადა, თავად ერთ-ერთი მათგანი, ვინც კადრებში ჩანს, გავარკვიე. ზაქრო ჩოხელია კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანი. გამოძიებას ვუთხარი, რომ აი ეს კაცია ერთ-ერთი, ვინც მირტყამდა. თქვენც არ მომიკვდეთ, ყური არ შეუბერტყავთ და ვითომ ვერ გაარკვიეს. წარმოიდგინეთ, როგორი ცინიზმია. სინამდვილეში არანაირი გამოძიება არ მიდის და კარგადაც იციან, ვინც იყვნენ ის პოლიციელები, რადგან კადრებში ჩანან და ხელს აფარებენ ერთმნიშვნელოვნად", - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

რამდენიმე თვის წინ სახლთან ჩასაფრებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი რუსული კანონის მოწინააღმდეგე, ზუკა ბერძენიშვილიც გახადა, რომელსაც მისივე განმარტებით, საგამოძიებო უწყებები საქმის მასალებზე წვდომის საშუალებას არ აძლევენ.

როგორც ზუკა ბერძენიშვილი ამბობს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საქმის მასალებზე წვდომის დაბლოკვა მოძალადეთა კვალის დაფარვას ემსახურება. 

თავდამსხმელების ვინაობის გამოვლენაზე ყველაზე მეტ ენერგიას ხარჯავენ, რომ იყოს შეუძლებელი. არათუ თავად არ იძიებენ, არამედ ჩვენც ხელს გვიშლიან, მასალებს არ გვაძლევენ იმისთვის, რომ ხალხის დახმარებით შეიძლება იდენტიფიცირება. ყველანაირი ინფორმაცია სინამდვილეში აქვთ და მთელი მათი საგამოძიებო მოქმედებები სინამდვილეში არის კვალის დაფარვის მოქმედებები", - ამბობს ზუკა ბერძენიშვილი.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" მიმდინარე წლის აპრილი-მაისის თვეებში გამართული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა დარბევისა და მათზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ მონიტორინგის მოკლე ანგარიშს აქვეყნებს.

მონიტორინგის გუნდის შეფასებით, სამართალდამცველების მიერ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოყენებული არაპროპორციული ძალის შემთხვევებიდან მრავალი არაადამიანურ მოპყრობას წარმოადგენს, ზოგიერთი მათგანი კი წამებას უტოლდება.